პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი ავლაბრის რეზიდენციაზე გულის გამოსახულებიანი დროშის აღმართვას წმინდა ტექნიკური მიზეზებით ხსნის და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი მხოლოდ კლიპის გადაღებას უკავშირდება.
ბარნოვის განცხადებით, ვერც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი ამ ქვეყანაში ვერ დააბრალებს პრეზიდენტს, რომ ის პატივს არ სცემს სახელმწიფო სიმბოლოებს.
"მე მეტსაც გეტყვით, მას მუდმივად უკიჟინებდნენ იმას, რომ ზედმეტად პატივს სცემს სიმბოლოებს და მით უმეტეს ამ დროშას, როცა მართლა მისი პირადი დროშა იყო, როცა ის იწყებდა საქართველოში პოლიტიკურ მოღვაწეობას. მე აგიხსენით, ეს იყო სუფთა ტექნიკური რაღაცა. ძალიან კარგი კლიპი იქნება, ეს დამთავრდება და ყველა ნახავს და ეს არის რაღაც ერთგვარი მიძღვნა პრეზიდენტის მიერ მისი ქვეყნისთვის,"- განაცხადა ანდრო ბარნოვმა.