რუსულ მედიასა და საექსპერტო საზოგადოებაში, სეპარატისტული აფხაზეთის მწვავე კრიტიკა მიმდინარეობს. ამის მიზეზი, რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში გამართული კენჭისყრა გახდა, რომლის დროსაც აფხაზურმა პარლამენტმა რუსეთის ორი მოქალაქის, ბიზნესმენ სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი მეგობარი ქალის ოქსანა სკარედნოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილ აფხაზ ე.წ. დეპუტატს ნოდიკ კვიწინიას ხელშეუხებლობა არ მოუხსნა.
რუსული მედია ინტენსიურად წერს „უმადურ აფხაზებზე", მათ „ამგვარ მადლიერებაზე" რუსეთის მიმართ. იმაზე, რომ „აფხაზურმა პარლამენტმა რუსეთის მოქალაქეების მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაიცვა", რომ ე.წ. აფხაზურმა პარლამენტმა უარი განაცხადა „რუსეთის ორი მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დეპუტატისათვის ხელშეუხებლობა მოეხსნა".
რუსეთის ამგვარი რეაქციით შეშფოთებული სეპარატისტები კი წერენ, რომ ისინი აგრესიისა და კრიტიკის ამ ტალღის შემდეგ, რუსული მედიისგან ელიან სტატებს იმის შესახებ, თუ როგორ იცავს აფხაზეთი „თავის კრიმინალებს".
შეგახსენებთ, რომ სერგეი კლემანტოვიჩისა და ოქსანა სკარედნოვას დასახიჩრებული ცხედრები ოჩამჩირის რაიონში მდებარე ერთ ერთ მიგდებუკ ჭაში აღმოაჩინეს. ბიზნესმენი და მისი მეგობარი ქალი ერთი წლის წინ გაუჩინარდნენ.
აფხაზ „დეპუტატებს" კვიწინიასათვის ხელშეუხელბლობის მოხსნის თხოვნით ე.წ. გენპროკურორმა საფარბეი მიქანბამ მიმართა, იმისათვის რათა გამოძიებას მისთვის ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალის წაყენების უფლება ჰქონოდა.
დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნას ხმა 16 ადამიანმა მისცა. გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ ორი ხმა დააკლდა.
ე.წ. გენპროკურორის ინფორმაციით, კლემანტოვიჩს კვიწინიასთვის 2 მილიონი აშშ დოლარ უნდა გადაეხადა და სავარაუდოდ, მკვლელობა იმის გამო მოხდა, რომ ბიზნესმენს „პარლამენტისათვის" მხოლოდ 580 000 ათასი აშშ დოლარი ჰქონდა გადახდილი.
თავად ნოდიკ კვიწინია ყველა ბრალდებას არყოფს.
ე.წ. დეპუტატებმა ე.წ. გენპროკურორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნიეს და განაცხადეს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, მრავალი კითხვა არსებობს. ამაზე მიქანბამ განაცხადა, რომ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი რაც პირადად ნოდიკ კვიწინიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იქნება აღძრული.
რამდენიმე „დეპუტატმა" ასევე განაცხადა, რომ ეს საქმე იმდენად რეზონანსულია და იმდენად ურტყამს აფხაზეთის პრესტიჟს, რომ კვიწინიამ თავად უნდა დაწეროს განცხადება ხელშეუხებლობის მოხსნის თხოვნის შესახებ და მისცეს საშუალება გამოძიებას ან დაადასტუროს ან უარყოს მისი ბრალი. ხელშეუხებლობის მოხსნა კი „დეპუტატის" დაპატიმრებას ნიშნავს. კვიწინიამ კოლეგების ეს რჩევა არ მიიღო და განაცხადა, რომ განცხადებას არ დაწერს.