,, ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი, საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს და დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე საუბრობს.
კენეტ იალოვიცმა იმედი გამოთქვა, რომ ვილნიუსის სამიტამდე არაფერი მოხდება ისეთი, რაც საქართველოსთვის პოლიტიკურ გართულებას გამოიწვევს.
„ვილნიუსის სამიტი ჩემი აზრით უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს სომხეთის მაგალითი, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. აშკარაა, რომ უკრაინის გადაწყვეტილებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ისევე როგორც მოლდოვის გადაწყვეტილებას. როცა მე საქართველოში ვიყავი, ყველა, ვისაც ვესაუბრე ამბობდა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ ამ შეთანხმების მიმართულებით გაეგრძელებინათ სვლა. არის დიდი ენთუზიაზმი და მე როგორც ვხედავ, მოძრაობა სრული სვლით ხდება. მე ვერ ვხედავ მიზეზს, ვილნიუსში რატომ არ უნდა მოხდეს ამ შეთანხმებების პარაფირება. უკრაინასთან მიმართებაში ჩემთვის გასაგებია, რომ ყოფილი პრემიერის პატიმრობაში ყოფნა ამას ართულებს.
საქართველოსთან დაკავშირებით კი ვიმედოვნებ, რომ ვილნიუსის სამიტამდე არაფერი მოხდება ისეთი, რაც საქართველოსთვის პოლიტიკურ გართულებას გამოიწვევს. თუ რამე მოხდება, რაც შეთანხმების პარაფირებას ხელს შეუშლის, შესაძლებელია ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან წნეხი უფრო დამძიმდეს ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანების მოთხოვნით", _აცხადებს კენეტ იალოვიცი.