კბილაშვილი კარგი იურისტია, მაგრამ იგი პრაქტიკოსი ადვოკატი იყო და ვერ გამოვიდა ადვოკატის მანტიიდან. პროკურორობას სხვა თვისებები სჭირდება, - ასე აფასებს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია მთავარი პროკურორის არჩილს კბილაშვილის მოღვაწეობას მას შემდეგ, რაც არჩილ კბილაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
"კბილაშვილი კარგი იურისტია, მაგრამ იგი პრაქტიკოსი ადვოკატი იყო და ვერ გამოვიდა ადვოკატის მანტიიდან. პროკურორობას სხვა თვისებები სჭირდება, მით უმეტეს, იყო საუბრები, რომ პროკურატურას ჩემი მეგობარი ლაშა ნაცვლიშვილი მართავს, ლაშა მართლაც კარგი იურისტია და თანაც ნამდვილად აქვს პროკურორის თვისებები, ამიტომ როგორც ბატონ არჩილს განუცხადებია, მეტი დემოკრატიისათვის უმჯობესია დე-ფაქტო სიტუაცია დე-იურედ გაფორმდეს და ლაშა ნაცვლიშვილი ჩაუდგეს სათავეში პროკურატურას. არ გამოვრიცხავ დაწინაურდეს სხვა კადრები, მაგალითად მაია მწარიაშვილი, იგი მართლაც საუკეთესო კანდიდატია. ვფიქრობ რომ განხილული იქნება კახა კახიშვილის კანდიდატურაც, იგი მეტად აქტიურობდა პროკურატურის მიმართულებით. ისე, ჩვენთან გადადგომა კი ისწავლეს დასავლურად, მაგრამ პასუხისმგებლობა გვაქვს რაღაც უცნაური პოსტსაბჭოთა, ანუ ამ გადადგომით საერთოდ ვიცილებთ თავიდან, თანაც უარგუმენტოდ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში ხაბურძანიამ.