განვლილ ერთ წელიწადში შევეცადეთ ხალხისათვის გვეჩვენებინა, რომ სამართალი არ იყიდება,- ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე საუბრისას განაცხადა.
კბილაშვილის თქმით, მას და მომავალ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შორის არავითარი უთანხმოება არ არსებობს, რადგან გასული ერთი წლის განმავლობაში ერთმანეთის გვერდით მოუწიათ მუშაობა.
"განვლილი ერთი წელი საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის რეპრესიიდან ლიბერალიზაციისაკენ გარდამავალი პერიოდი იყო. ჩვენ ხელი ავიღეთ სასამართლოს კონტროლზე, გაიზარდა ადვოკატთა უფლებები, შევამცირეთ დაჭერები, გავათავისუფლეთ უკანონოდ ბრალდებულები, სისხლის სამართლებრივ დევნას ჩამოვაშორეთ ფისკალური ეფექტი და შევეცადეთ ხალხისათვის გვეჩვენებინა, რომ სამართალი არ იყიდება. დავიწყეთ საზოგადოებასთან ჩატეხილი ნდობის ხიდების აღდგენა,"- განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.