7 ნოემბერს, ქალაქ თელავში „ერეკლეობა" გაიმართება. ერეკლე II-ის 293-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს თელავში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე მარგიშვილი დაესწრება.
თელავის მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად ამ თარიღისთვის მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი. ერეკლე მეფის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან როგორც თელავის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში, ასევე სვეტიცხოველში. ერეკლეობას მიეძღვნება ნ. სულხანიშვილის სახ. სამუსიკო სასწავლებლის კლასიკური მუსიკის კონცერტი და თომა ჩაგელიშვილის ფილმის „ერეკლე II" პრეზენტაცია. თელავის ვაჟა-ფშაველას სახ. დრამატული თეატრის ფოიეში შედგება ბავშვთა ნახატების გამოფენა და საჭადრაკო ბლიც-ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას პატარა მოჭადრაკეები მიიღებენ. დაგეგმილია გარე სასცენო და სამოედნო ღონისძიებების მოწყობა ერეკლე II-ის მოედანზე. დღესასწაულთან დაკავშირებით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახ. დრამატულ თეატრში საპატიო თელაველების არჩევა და ღვაწლმოსილ ხელოვანთა და პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
დღესასწაულს თელავის ვაჟა-ფშაველას სახ. დრამატულ თეატრში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრთან არსებული ანსამბლის ‘'სულიკო''-ს კონცერტი დაასრულებს, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.