სოფელ ხაიშის მოსახლეებმა ხატზე დაიფიცეს, რომ სანამ ადგილობრივი მოსახლეობა ცოცხალი იქნება, სვანეთში ხუდონჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ.
ხუდონჰესის პროექტის გასაპროტესტებლად დღეს სვანეთში გარემოს დამცველები, ექსპერტები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ხელისუფლებას აღნიშნული პროექტის მშენებლობის საკითხის გადახედვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
მდინარე ენგურის სვანეთის მონაკვეთზე მასშტაბური ჰესის მშენებლობის საწინაღამეგო აქციაზე შეკრებილ ხაიშის მოსახლეობას სვანეთის სხვა რაიონებიდანაც შეუერთდნენ. მომიტინგეების თქმით, ისინი არავითარი დაპირების სანაცვლოდ არ დაუშვებენ მათი საცხოვრებლების დათმობას და ნასახლარის, სალოცავების და სასაფლაოების წყლით დაფარვას.
ხაიშის ცენტრში შეკრებამდე აქციის მონაწილეები ადგილობრივი ეკლესიის ეზოში მივიდნენ, სვანური რიტუალი შეასრულეს და ფიცი კიდევ ერთხელ დადეს, რომ მათი ინტერსესების საწინააღმდეგო პროექტის განხორციელებას არასოდეს დაუშვებენ.
აღნიშნულ აქციას და მომიტინგეთა მოთხოვნებს სასულიერო პირებიც შეუერთდნენ, რომლებმაც მთავრობას და ენერგეტიკის მინისტრს მოუწოდეს "ადგილზე ჩავიდნენ, დაელაპარაკონ ხალხს, ნუ აღიზიანებენ ადგილობრივ მოსახლეობას და ნუ გადაეკიდებიან ამხელა კუთხეს, რადგან თუ რომელიმე ჩინოვნიკისთვის არ არის მნიშვნელოვანი სვანეთის კუთხე, ეს კუთხე თითოეული ადგილობრივისთვის ძალიან ძვირფასია".