კონფერენცია "დისკუსია მედიის პრობლემების შესახებ" სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. კონფერენციაში მონაწილეობას ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები იღებდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტებიც.
კონფერენციაზე საუბარი მედიის თავისუფლების საკითხებს და 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრას, შეეხო.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ტელეიმედის შეჩერებით ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან "იმედის" ეთერში ხელისუფლების დამხობის მაპროვოცირებელი მოწოდებები გაისმოდა.
"ადამიანი, რომელიც ბოლო სამი წელი საქართველოში თვალყურს ადევნებს ქართული მედიის მუშაობის პროცესს, ვერ იტყვის იმას, რომ მედიის თავისუფლება რაიმე ფორმით იზღუდება. რაც შეეხება 7 ნოემბრის შემთხვევას, 7 ნოემბერს მოხდა ძალიან კონკრეტული რამ: გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთაც ხელს აძლევდათ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, "იმედი" გამოიყენეს თავიანთ იარაღად. მას შემდეგ, რაც 7 ნოემბრის დილას ერთ-ერთი ოპოზიციონერი იყო დაკავებული, დაჯარიმებული და გათავისუფლებული, როდესაც რუსთაველზე ჩადგა საპატრულო პოლიცია და ვიდრე სპეცრაზმი იქნებოდა გამოყვანილი, დაიწყო მოწოდებები, რომ ორ საათზე უნდა დავამთავროთ ეს ხელისუფლება და იყო მოწოდებები ხელისუფლების დამხობისაკენ. გაისმოდა ორი სლოგანი: მეორდება ვარდების რევოლუცია და მეორდება 9 აპრილი. ამ პირობებში ხელისუფლებას არ ჰქონდა უფლება, რისკზე არ წასულიყო და ძალა არ გამოეყენებინა ", _ განაცხადა გიგა ბოკერიამ.
როგორც კონფერენციის დასრულების შემდეგ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებების არსებობის მიუხედავად შეხვედრა საკმაოდ შედეგიანი იყო.
"იყო დისკუსია მედიის სტანდარტებზე, მათ შორის იმ ვითარებაზე, რა ვითარებაშიც აღმოვჩნდით. მე მოვახსენე საზოგადოებას ჩემი მოსაზრებები ისევე, როგორც მოვისმინე ბევრი განსხვავებული აზრი. ის სამწუხარო მოვლენები, რისი მომსწრეც ჩვენ გავხდით, კარგი იქნება, თუ აღმოჩნდება ბიძგი მეტი სარედაქციო დამოუკიდებლობისა, მეტი ჟურნალისტური სტანდარტების და საერთო ჯამში მეტი თავისუფლებისა", _ განაცხადა გიგა ბოკერიამ.