ესტონეთი რუსეთთან ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს 1-ელი დეკემბრიდან დახურავს. გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ესტონეთის თავდაცვის საწარმოზე დივერსიის მცდელობის ინციდენტს უკავშირდება.
ცაჰკნას განცხადებით, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ესტონეთის წინააღმდეგ მიმართული მტრული ქმედებები შედეგების გარეშე არ დარჩება.
„მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა მკაფიო მტკიცებულებები, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა ესტონეთის თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოზე დივერსიული თავდასხმის ორგანიზება გასცა, ესტონეთი 1-ელი დეკემბრიდან რუსეთთან ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს დახურავს.
რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ესტონეთის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ჩვენი დაშინების, დესტაბილიზაციის ან უსაფრთხოების შერყევის მცდელობები პასუხის გარეშე არ დარჩება. სასაზღვრო-გამშვები პუნქტების დახურვა შეზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას, ესტონეთში მტრული საქმიანობა აწარმოოს და გააძლიერებს სანქციების გვერდის ავლის აღკვეთის მიმართულებით ჩვენს ძალისხმევას“, - წერს ცაჰკნა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ფინეთის ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს უკვე აცნობა.
14 ნოემბერს ესტონეთში, დრონების მწარმოებელ თავდაცვის საწარმო Threod Systems-ზე დივერსიის მცდელობა აღკვეთეს. ესტონეთის შინაგან საქმეთა უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, თავდასხმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის დავალებით იგეგმებოდა.
ინციდენტთან დაკავშირებით რვა ადამიანი დააკავეს. ესტონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდამსხმელებს საწარმოს ტერიტორიაზე შეღწევა, აფეთქების მოწყობა და შენობის ცეცხლის წაკიდება სურდათ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და საწარმოს მუშაობა არ შეფერხებულა.
ესტონეთს რუსეთთან სამი მოქმედი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აქვს - ნარვაში, ლუჰამაასა და კოიდულაში.