რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ შავ ზღვაში კომერციულ გემებზე რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული მორიგი თავდასხმა დაგმო.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მუდმივ კავშირზე ვარ. მეზღვაურების უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ეს ინციდენტები დაუშვებელია და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს. ისინი იმ უსაფრთხოების ვითარების გაუარესებაზე მიუთითებს, რომელიც რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომმა გამოიწვია“, - განაცხადა ნიკულესკუმ.
მისი თქმით, რუმინეთი და მოკავშირეები შავ ზღვაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად ყველა საჭირო ზომის მიღებას გააგრძელებენ.
ცნობისთვის: 14 ნოემბერს რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ სფინტუ-გეორგეს ჩრდილოეთით, დაახლოებით 12 კილომეტრში, დრონი პალაუს დროშის ქვეშ მცურავ გემს დაეჯახა. გემი სულინაში მიემართებოდა, მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი კი უკრაინა იყო.
იმავე საღამოს, სულინიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 4 საზღვაო მილის დაშორებით, დრონი ბერძნული დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Evia Petrol V-ს დაეჯახა, რის შემდეგაც გემზე ხანძარი გაჩნდა.
კიდევ ერთი გემი, რომელიც სულინის სრუტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 5 საზღვაო მილის დაშორებით იმყოფებოდა, ასევე დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა, რასაც ბორტზე ხანძარი მოჰყვა.