კვირას, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, დაახლოებით 400 000 ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე მთავრობის გეგმების წინააღმდეგ, რომლებიც დემოკრატიული ნორმების, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის შეზღუდვას ითვალისწინებს.
ორგანიზატორების შეფასებით, აქციაში 350-450 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ორგანიზატორების განცხადებით, ეს ჩეხეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსგავსი ღონისძიებაა.
აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ მთავრობის გეგმას, შეცვალოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების სისტემა, გააუქმოს სალიცენზიო გადასახადი და შეამციროს საზოგადოებრივი მედიის დაფინანსება. დემონსტრანტების შეშფოთებას იწვევს ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელზე შესაძლო პოლიტიკური გავლენის გაძლიერება.
ორგანიზაცია "მილიონი გაელვება დემოკრატიისათვის" სამთავრობო კოალიციისგან მოითხოვს, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან ტომიო ოკამურას გადაყენებას და თავდაცვის სამინისტროდან პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატიის“ (SPD) ჩამოშორებას. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს მთავრობას დიალოგისკენ და სალიცენზიო გადასახადის გაუქმების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს ტყუილსა და არაეფექტიან მართვაში ადანაშაულებდნენ.
ბაბიშმა განაცხადა, რომ პატივს სცემს მოქალაქეების პროტესტის უფლებას, თუმცა არ ეთანხმება დემონსტრანტების მოთხოვნებს და მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეთა შეშფოთება საფუძვლიანი არ არის.
„დაფინანსების სისტემა იცვლება, არავის სურს საზოგადოებრივი მედიის კონტროლი, არავის უნდა უკარნახოს მათ, რა თქვან ან გააკეთონ და არავის სურს მათი ნაციონალიზაცია. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ არსებული სისტემა მოძველებულია. იმავე გზას დღეს ევროპის ქვეყნების უმრავლესობაც ადგას“, - განაცხადა ბაბიშმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შემცირების გადაწყვეტილების კომენტირებისას.