მსოფლიო დაზოგვის დღეს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები წელს უკვე მეორედ აღნიშნავენ.
დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართული პრესკონფერენციით დაიწყო და 8 ნოემბერს - ბანკირის დღეს დასრულდება.
როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქართული კომერციული ბანკები, შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ბანკების ასოციაცია და საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრი.
„დღეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები დაზოგვის დღეს აღნიშნავენ. მისასალმებელია, რომ ჩვენც- მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მხარჯავი ერი უკვე მესამედ ვუერთდებით ამ კვირეულს. მე მინდა მოკლე ისტორია მოგიყვეთ, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან ნაცნობია: ყველაფერი იწყება ერთი პატარა და უწყინარი პროცედურით, როდესაც მომხმარებელი განვადებით იძენს ძვირადღირებულ ტელეფონს. ამას ემატება შემდგომ საკრედიტო ბარათი, შემდგომ ემატება ძალიან საინტერესო შეთავაზება - ერთ დღეში სესხის დამტკიცების და ზაფხულში შვებულების კარგად გატარების. შვებულებიდან დაბრუნებული კი იღებს უკვე მეორე საკრედიტო ბარათს, ოღონდ იმისთვის, რომ გადაფაროს პირველი სესხი. ბევრი რომ არ გავაგრძელო საბოლოო ჯამში ის აღმოაჩენს, რომ მას აქვს რამდენიმე ბარათი, რამდენიმე სამომხმარებლო სესხი. გამოსავლის ძიებაში ესეთი მომხმარებელი ამთავრებს ერთი დიდი სესხის გამოტანით, რათა გადაფაროს სხვა პატარა სესხები, ოღონდაც ამ შემთხვევაში ის იპოთეკით ტვირთავს უძრავ ქონებას, ხშირ შემთხვევაში საცხოვრებელ სახლს. ამას მარტივად შეგვიძლია დავარქვათ საკრედიტო მახე, ეს არ არის ქართული ფენომენი და ის მთელს მსოფლიოში გავრცელებულია. განვითარებული სამყარო ამას უპირისპირდება და ებრძვის ფინანსური განათლების ამაღლებით და მომხმარებლის ინფორმირებულობით. მხოლოდ ინფორმირებული მომხმარებელი იღებს სწორ გადაწყვეტილებას და სწორედ ესეთი მომხმარებელია სასარგებლო, როგორც კომერციული ბანკისთვის ასევე საკუთარი თავისთვის"- განმარტა დღეს გამართულ ბრიფინგზე სებ-ის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.
სებ-ში განმარტავენ, რომ მსოფლიო დაზოგვის დღეს დიდი ისტორია აქვს და მას 1925 წლიდან ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. დაახლოებით 90 წელია გერმანული შემნახველი ბანკები (ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში) აღნიშნავენ და ორგანიზებას უკეთებენ მსოფლიო დაზოგვის დღეს. მსოფლიო დაზოგვის დღე, ან მსოფლიო მომჭირნეობის დღე, როგორც მას ადრე უწოდებდნენ, დაარსდა მსოფლიო შემნახველი ბანკების ინსტიტუტის (WSBI) მიერ და ხალხს აწვდიდა სახლში დაგროვებული ფულის ბანკში შენახვის იდეას. 1925 წლიდან მოყოლებული დაზოგვის დღე ბევრ ქვეყანაში იქცა ყოველწლიურ ტრადიციად და დანაზოგების წახალისების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.
დანაზოგები მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, ფინანსური ინსტიტუტებისა და მოსახლეობისთვის - დანაზოგები წარმოადგენს ფინანსური ინვესტიციებისთვის ხელმისაწვდომ რესურსს, დანაზოგების გარეშე სტაბილური ეკონომიკური ზრდა არ იქნება. დანაზოგები ბანკებისთვის რეფინანსირების მნიშვნელოვანი წყაროა და ბოლოს, დანაზოგები წარმოქმნიან ინსტრუმენტს, რომელიც ავადმყოფობასთან, უმუშევრობასთან და სხვა ეკონომიკურ სირთულეებთან დაკავშირებული რისკებისაგან გვიცავს. უმჯობესია, ხალხმა სურვილების ასრულებისას ისარგებლოს დანაზოგით, ვიდრე აუცილებლობისთვის გამოტანილი სესხების გამო ზედმეტი ვალების რისკის წინაშე დადგეს.
დანაზოგების საშუალებით დღევანდელი დღის საჭიროებების დაკმაყოფილება მომავალი თაობებისთვის სოციალური და ეკონომიკური გარემოს დაუზიანებლად ხდება. მსოფლიო დაზოგვის დღის ჩატარება სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციების, ეროვნული ბანკის, აკადემიებისა და ასოციაციების მონაწილეობით ფინანსური სექტორისადმი მოსახლეობის ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.
მსოფლიოს დაზოგვის დღეს, როგორც წესი, ფინანსური ინსტიტუტების აქტივობები ძირითადად მიმართულია ბავშვებზე, მოზარდებსა და მშობლებზე; ისინი სთავაზობენ მათ სხვადასხვა პროდუქტს, უხსნიან თუ როგორ მოექცნენ ფულს და ატარებენ საინტერესო ღონისძიებებს. მიზანია არა მხოლოდ დანაზოგების, არამედ პოტენციური კლიენტების მოზიდვაც.
სხვადასხვა ღონისძიებები დაიწყება 2013 წლის 31 ოქტომბერს და გაგრძელდება 8 ნოემბრის ჩათვლით. დაზოგვის კვირეულთან დაკავშირებით გაიხსნება ვებ-გვერდი www.grovia.com.ge, რომელზეც განთავსდება ინფორმაცია როგორც დაზოგვის დღეზე, ასევე საბანკო პროდუქტებზე, მომსახურებებსა და, ზოგადად, მომხმარებელთა უფლებებზე.
მონაწილე ბანკებს წარმოდგენილი ექნებათ საერთო მასალები (ბროშურები, ვიდე-კლიპები და დაზოგვის დღის საერთო სიმბოლო - გროვია), რომლებსაც ისინი არჩევნისამებრ გამოიყენებენ ბავშვებსა და მშობლებზე ორიენტირებულ სხვადასხვა აქტივობებში.
ბროშურების გავრცელების, ასევე ბანკების ფილიალებში, ბანკომატებზე, ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებში ვიდეოს განთავსების გარდა, ქართული კომერციული ბანკები ეწვევიან სკოლებს თბილისსა და რეგიონებში, ჩაატარებენ პრეზენტაციებს, გაკვეთილებს ფინანსურ განათლებაზე და ასევე გაავრცელებენ ინფორმაციას დაზოგვის კულტურაზე. ბანკები სკოლის მოსწავლეებისთვის მოაწყობენ შეჯიბრებებსა და თამაშებს.
გარდა საშუალო სკოლებისა, ფინანსური სექტორის წარმომადგენლები ესტუმრებიან უნივერსიტეტებსა და კლიენტ ორგანიზაციებს და დანაზოგების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. კვირეულის განმავლობაში ბანკები უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის მედია მხარდაჭერას. მსოფლიო დაზოგვის დღე მოსახლეობასა და კომერციულ ბანკებს შორის არსებული ბარიერის გადალახვის კარგი საშუალებაა. ეს დღე აამაღლებს ნდობას ფინანსური სექტორისადმი და მოუწოდებს ხალხს, დაზოგონ ფული ბანკებში.
შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ახორციელებს პროექტს ,,დანაზოგების დაგროვება და ფინანსური შესაძლებლობები" საქართველოსა და აზერბაიჯანში. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო.