უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე, უკრაინის „უმადურობის“ შესახებ. იუწყება უკრაინული მედია.
„მადლობა საქართველოს მთავრობას ყველაფრისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, რომ არ დააწესა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო და იმისთვის, რომ დაეხმარა საერთო აგრესორს მათ [სანქციების] გვერდის ავლაში, იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზიდან გადაიყვანა და რუსეთის უღლისკენ მიმართა, ასევე უკრაინის შესახებ მუდმივად დამამცირებელი კომენტარებისთვის“, - განაცხადა ტიხიმ.
ამავდროულად, მან ქართველ ხალხს „ევროპული მომავალი, უსაფრთხოება და კეთილდღეობა“ უსურვა, „მიუხედავად ამჟამინდელი მთავრობის პრორუსული პოლიტიკისა“.
შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „საერთო ჯამში, ჩვენ ვხედავთ იმ არამეგობრულ დამოკიდებულებას, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მიმართ გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დიდი უმადურობა“.