ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ხელისუფლებასა და ჟურნალისტებს შორის გამართულ სამსაათიან დიალოგს დადებითად აფასებს.
"შეხვედრა სასარგებლო იყო, რადგან დიალოგში უამრავი ჟურნალისტი მონაწილეობდა. პროცესი დაიწყო და ეჭვი არ მეპარება, რომ დიალოგს ბევრი ადამიანი შეუერთდება, მათ შორის, ტელეკომპანია "იმედიდან", _ აცხადებს ლომაია.
მისი თქმით, მედიასაზოგადოებასა და ჟურნალისტების ნაწილში შეწყვეტილ დიალოგთან დაბრუნების მოთხოვნილება გაჩნდა, რომლის მიზანიც მედიის თვითრეგულირების მექანიზმის შექმნა იყო. "დღეს ბევრისთვის ნათელი გახდა, რომ საჭიროა მკაფიო სტანდარტის ჩამოყალიბება, რასაც ნებაყოფლობით დაექვემდებარებიან ჟურნალისტები. ესაა ეთიკური და პროფესიული სტანდარტები, რაც ბოლო მოვლენების საკმაოდ მტკივნეულ ფონზე მიმდინარეობს".
კახა ლომაიას მიაჩნია, რომ უნდა არსებობდეს ერთობლივი ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მედიასაშაულებების ეთიკურ ჩარჩოებში მოქმედებას.
"უნდა არსებობდეს ჟურნალისტებისა და ექსპერტებისგან შემდგარი გარკვეული ჯგუფი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას მონიტორინგს ჩაუტარებს, რათა არ მოხდეს ეთიკისა და პროფესიონალიური ნორმების დარღვევა. მართალია, ამას საკანონმდებლო ძალა არ ექნება, მაგრამ ჩვენი საზოგადოებისთვის მორალური ძალა და ავტორიტეტი ექნება. საზოგადოებას უნდა ვუჩვენოთ, სად გადის ზღვარი ეთიკურ, პროფესიონალურ და არაეთიკურ ჟურნალისტიკას შორის", _ აღნიშნავს უშიშროების საბჭოს მდივანი.
ლომაიას განცხადებით, საქართველოში მთავრობის მოწვევით ჩამოსული პოლონელი ჟურნალისტი, ადამ მიხკინი დღის ბოლოს პრესკონფერენციას გამართავს, სადაც შესაძლოა "იმედის" ეთერში გასვლასთან დაკავშირებით განცხადებაც გაკეთდეს.
"დღის ბოლოს დაველოდით. 8 საათისთვის ბატონი მიხკინი პრესკონფერენციას გეგმავს. "იმედის" გახსნასთან დაკავშირებით ყველა დადებით სიახლეებს ველოდებით. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა მასთან, ის პოზიტიურადაა განწყობილი. ხელისუფლების, ჟურნალისტებისა და სამოქალქო საზოგადოების პოზიცია მას აძლევს იმის საფუძველს, ისეთი გამოსვლისა და ფორმულის მიგნება მოხდეს, რომელიც ყველა ტელემაუწყებლობას, მათ შორის, იმედს, შესაძლებლობას მისცემს, ეთერს დაუბრუნდეს და საარჩევნო პროცესი ეთიკისა და პროფესიული სტანდატების ფარგლებში გააშუქოს", _ განაცხადა კახა ლომაიამ.
უშიშროების საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დასამყარებლად ხელისუფლებას "იმედში" შესვლის გადაწყვეტილება უნდა მიეღო და თუკი ასეთი საჭიროება კიდევ შეიქმნება, ხელისუფლების ქმედება იგივე იქნება.
"ქვეყანაში წესრიგის აღდგენა საჭირო რომ გახდეს, ამას გააკეთებს არა მხოლოდ ეს ხელისუფლება, არამედ ყველა ის ხელისუფკლება, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს ისტორიისა და მომავლის წინაშე. უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ხელისუფლების პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რაც შეიძლება რეალიზებულ იქნას მტკივნეულ, მაგრამ აუცილებელ გადაწყვეტყიოლებებში", _ აცხადებს კახა ლომაია.
უშიშროების საბჭოს მდივანმა საფრანგეთის მაგალითი მოიშველია და განაცხადა, რომ გუშინ ცრემლსადენი გაზისა და ხელკეტის გამოყენებით საფრანგეთში სტუდენტთა მიტინგი დაშალეს. "საფრანგეთის მთავრობის ენთუზიაზმი არაა ძალის გამოყენება, მაგრამ იქ ჩათვალეს, რომ ძალადობრივ ფორმებში კონკრეტული მიტინგის გაგრძელება საზოგადოების უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო. ამას საუკუნოვანი დემოკრატიული ქვეყნების მაგალითზეც ვხედავთ. იმედი მაქვს, ამ ფორმების გამოყენება არ დაგვჭირდება. სხვა ფორმით იმედში პრობლემის მოგვარება არ შეიძლებოდა"< _ განაცხადა კახა ლომაიამ.
"იმედის" მატერიალურ ზარალთან დაკავშირებით ლომაია აცხადებს, რომ ხელისუფლება ზარალის ასანაზღაურებლად მზად არის.