გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, იგივე ლონდონში ბაზირებულმა უზენაესმა სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
სასამართლომ დღეს გამოტანილი განაჩენით ძალაში დატოვა წინა ინსტანციის ბერმუდის სასამართლოს მიერ კიდევ 2022 წლის ივნისში გამოტანილი განაჩენი, რომლითაც UBS/Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაევალა. [აღნიშნული განაჩენი UBS/Credit Suisse-მა 2024 წელს Privy Council-ში გაასაჩივრა].
„ბანკის რჩევით, ბიძინა ივანიშვილმა 750 მილიონი დოლარის ღირებულების ფული და სხვა აქტივები 2011-2012 წლებში გადაიტანა CS Life-ში სიცოცხლის დაზღვევის ორი პოლისის პრემიების სახით. აღნიშნული აქტივები უნდა ყოფილიყო შენახული ცალკე ანგარიშზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოჩინა, რომ Credit Suisse-ის თანამშრომელი, ბანკირი პატრიკ ლესკადრონი ახორციელებდა თაღლითურ ოპერაციებს პოლისის აქტივებით. ლესკადრონის წიანააღმდეგ შვეიცარიაში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, 2018 წლის თებერვალში ის გაასამართლეს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის. მოგვიანებით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 2017 წელს ივანიშვილმა, მისი ოჯახის წევრებმა და მათმა წარმომადგენელმა ორმა კომპანიამ სარჩელი შეიტანეს ბერმუდის კუნძულებზე CS Life-ის წინააღმდეგ, ხელშეკრულების დარღვევისა და ფიდუციური მოვალეობის დარღვევის ბრალდებით. 2020 წელს მათ ასევე მოითხოვეს ზარალის ანაზღაურება შეცდომაში თაღლითურად შეყვანისთვის. აღნიშნული სარჩელები ბერმუდის სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა CS Life-ის აპელაცია ხელშეკრულების დარღვევისა და ფიდუციური მოვალეობის დარღვევის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, თუმცა დააკმაყოფილა საჩივარი შეცდომაში შეყვანასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება CS Life-მა გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოში გაასაჩივრა, თავის მხრივ, მოსარჩელეებმა წარადგინეს ჯვარედინი საჩივარი შეცდომაში შეყვანასთან დაკავშირებით აპელაციის უარყოფის გამო“, - აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.