საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საკუთარი არჩევანი ზუგდიდში, 30-ე საარჩევნო უბანზე მისცა. ალასანია ხმის მისაცემად ფეხით მივიდა და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ხმა იმ კანდიდატს მისცა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს საკუთარი საქმიანობის მთავარ ქვაკუთხედად დააყენებს.
"დღეს თავისუფალმა მოქალაქეებმა გააკეთეს საკუთარი არჩევანი. ეს არის ისტორიული არჩევნები. ასეთი სუფთა და დემოკრატიული არჩევნები უკვე ეტყობა, რომ საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა და ამიტომ გვეამაყება ყველას, მოქალაქეებსაც, საარჩევნო კომისიის წევრებსაც და ყველას, რომ მონაწილე ვართ ასეთი არჩევნების. ჩემი არჩევანი არის არჩევანი ქვეყნის მომავლისკენ, პროგრესისკენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდი და ზუგდიდელები სწორედ ისეთ პრეზიდენტს აირჩევენ, ვინც პასუხისმგებლობით სავსე იქნება და ყველაზე მთავარს, ქვეყნის ღირსებას და ქვეყნის ინტერესებს დააყენებს საკუთარი საქმიანობის მთავარ ქვაკუთხედად,"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.