საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი ე.წ. საზღვრების შემოფარგლით ოკუპირებულ რეგიონში საკონცენტრაციო ბანაკის შექმნას ცდილობს.
"ცხინვალის რეგიონში არანაირი საზღვარი არ არსებობს და არც იარსებებს, ეს სეპარატისტებმა და ოკუპანტებმაც კარგად იციან. ეს არის პროვოკაციების გრძელი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონის მოსახლეობისა და საოკუპაციო ჯარში არსებულ უკმაყოფილების ზრდას უკავშირდება. მათ სურთ ერთგვარი საკონცენტრაციო ბანაკის შექმნა, რომელიც მარიონეტულ რეჟიმს საშუალებას მისცემს უკმაყოფილო მოსახლეობაზე სრული კონტროლი დააწესოს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნუგზარ წიკლაურმა.
დეპუტატის განცხადებით, მსგავსი უკანონო ქმედებებით რუს ოკუპანტებს და სეპარატისტებს სურთ საერთაშორისო საზოგადოებს დაანახონ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თითქოს ახალი რეალობა შეიქმნა და ახლა ამ "რეალობის" ე.წ. საზღვრო ბოძებით დაკანონებას ცდილობენ.
"კონფლიქტები იმ დოკუმენტების შესაბამისად მოწესრიგდება, რომელიც საერთაშორისო შუამავლების ჩართულობით არის ხელმოწერილი. სხვა ნებისმიერი თვითნებობა ოკუპანტების და სეპარატისტების მხრიდან მარცხისთვისაა განწირული", - აღნიშნა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ე.წ. საზღვარზე ბოძების დამონტაჟებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო ~რესი~ ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. სპეციალურ რწმუნებულ პოსტკონფლიქტური ვითარების დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევზე დაყრდნობით იუწყება.
ჩოჩიევის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა მას შემდეგ მიიღო, რაც თბილისმა საზღვრების დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
~ბოძებს, რომელსაც დავამონტაჟებთ მითითებული იქნება, რომ აქ სახელმწიფო საზღვარი გადის~, - აღნიშნა ჩოჩიევმა.