ექსპერტის კახა კახიშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც აქვს უფლება ამათუიმ პოსტზე საკუთარი ფავორიტი კანდიდატები დააასახელოს, მათ შორის დედაქალაქის მერობის კანდიდატიც.
როგორც კახიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, ეს არ იქნება სიტუაციაში გარედან ჩარევა, რადგან საქართველოს მოქმედი კანონის შესაბამისად, ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს მხარი დაუჭიროს ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს, თუმცა ის, რომ ივანიშვილი კონკრეტულად ვინმეს მხარს დაუჭერს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ეს ადამიანი გაიმარჯვებს.
"რეალურად ეს ადამიანი სარგებლობა ავტორიტეტით და მას შეუძლია გამოთქვას მოსაზრება კონკრეტულ სასურველ კანდიდატთან დაკავშირებით. მე ამაში გაუგებარს ვერაფერს ვერ ვხედავ. კოალიციაში არაერთხელ გაკეთებულა განცხადება, რომ შესაძლებელია კოალიციაში შემავალმა პარტიებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ცალ-ცალკე მიიღონ, აქედან გამომდინარე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მოწონებული კანდიდატი მაინც და მაინც კოალიციურად იქნება მხარდაჭერილი. უნდა დაველოდოთ მოვლენებს, შესაძლებელია ივანიშვილმა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკოსს ან მოქალაქეს, რომელსაც სურვილი ექნება, რომ კენჭი იყაროს თბილსიის მერობაზე, მხარი დაუჭიროს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს მოხდება კოალიციის მხარდაჭერის ან კოალიციაში შემავალი რომელიმე სუბიექტის მხარდაჭერით,"- განაცხადა კახა კახიშვილმა.
კახიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მის სავარაუდო შემცვლელთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც აფასებს და მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მიერ კონკრეტული კანდიდატის შერჩევა სულაც არ ნიშნავს, რომ ის შეცვლას არ დაექვემდებარება, რადგან ყოფილა პრეცედენტი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა სხვადასხვა რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის მისთვის სასურველი კანდიდატები კოალიციაში შემავალ სუბიექტებთან კოსულტაციის და უკეთესი ვარიანტების შეთავაზების შემდეგ შეცვალა.
"ალბათ გაივლის კიდეც კონსულტაციებს. არჩევნებიდან 5 დღეში დასახელება არ ნიშნავს, რომ დღეს უნდა გავლილიყო ეს კონსულტაცია. მან განაცხადა, რომ რამდენიმე კანდიდატზე ფიქრობდა, ერთზე ჩამოყალიბდა და ამავდროულად ნორმალურად განმარტა, რომ ამ კანდიდატურის განხილვა მოხდება პოლიტიკურ საბჭოზე და იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური საბჭო ან არ მოიწონებს, ან შესთავაზებს უკეთეს კანდიდატურას, ის ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილება ისევე როგორც ემორჩილებოდა მაჟორიტარებთან დაკავშირებით. რაც შეეხება იგივე ამ კანდიდატს, ივანიშვილმა ისიც განაცხადა, რომ თავად ამ კანდიდატმა ამის შესახებ არ იცის, სრულიად გასაგებია ეს განცხადება, რადგან ალბათ ჯერ ამ კანდიდატის თანხმობაც არის საჭირო. ალბათ როდესაც საბოლოოდ გადაწყვეტს, ამ კანდიდატსაც შეხვდება, დაელაპარაკება და შემდგომში ამ კანდიდატურის განხილვა დაიწყება პოლიტიკურ საბჭოში,"- აღნიშნა კახიშვილმა.
კახა კახიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მეორე ადგილზე გავა, ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ "ნაცმოძრაობა" მის ხელთ არსებული მრავალფეროვანი ბერკეტებით ყველანაირად შეეცდება მეორე ადგილზე დავით ბაქრაძე დაფიქსირდეს.
"ივანიშვილმა თქვა, რომ დიდი ალბათობით "ნაციონალური მოძრაობა" გავა მეორე ადგილზე, მაგრამ მე ვფიქრობ, სუფთა არჩევნების ჩატარების შემთხვევაში მეორე ადგილს ნამდვილად ვერ მოიპოვებს "ნაცმოძრაობა". ერთადერთი ამ პარტიას რეალურად აქვს ძალიან სერიოზული ბერკეტები, საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე ის ფლობს ნახევარ წევრებს, ადგილობრივი თვითმმართველობები მათ ხელშია განსაკუთრებით რეგიონებში, საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ბერკეტებიც აქვთ, თუნდაც წვდომა მედიაში, აქვთ საპარლამენტო ტრიბუნა და აქვთ ფული, ეს არის სტრუქტურირებულად ძლიერი პარტია შესაბამისი კარგი გამოცდილებით. ამ ბერკეტების გამოყენებით შესაძლებელია ისინი შეეცადონ, რომ მეორე ადგილზე დააფიქსირონ ბაქრაძე, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც დამკვირვებლების და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების ნაკლებობა იქნება, იქ სადაც მათ ადგილობრივი თვითმმართველობაც სერიოზულად მხარს უჭერს, შესაძლებელია შეეცადონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დახმარებით მოახდინონ შედეგების მანიპულირება, მაგრამ მოახდენენ თუ არა ამას, ეს დამოკიდებული იქნება რამდენად ძლიერი და კვალიფიციური დამკვირებლები იქნებაიან წარმოდგენილნი კონკრეტულ უბნებზე,"- განაცხადა კახა კახიშვილმა.
ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა მივიდეს, რადგან არჩევნების შედეგები დგინდება არა რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობიდან, არამედ უშუალოდხმის მიცემის პროცესში მონაწილეთა რაოდენობიდან.
"რეალურად საარჩევნო სუბიექტის პროცენტული მაჩვენებლები ძალიან სერიოზულადაა დამოკიდებული იმაზე, რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. არჩევნების შედეგები დგინდება არა რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობიდან, არამედ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობიდან. თუ ამ არჩევნებზე მოსახლეობა იქნება აქტიური და დაახლოებით ისეთი აქტივობა იქნება, როგორიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში იყო, მაშინ სულ სხვა პროცენტული მაჩვენებლები ექნებათ საარჩევნო სუბიექტებს. თუ არჩევნებზე მოსახლეობა არ მივა და ძირითადად ხმის მიცემის პროცესში მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული ამომრჩეველი მიიღებს, მაშინ სულ სხვა შედეგბი დაუფიქსირდებათ საარჩევნო სუბიექტებს. ასე რომ მთავარია ხალხმა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში,"- აღნიშნა კახა კახიშვილმა.
რაც შეეხება 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობის გაზრდის საკითხს, კახიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების პოპულარიაზაცია გარკვეულწილად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საარჩევნო სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ.
"ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საარჩევნო სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ პოპულარიზაცია ამ არჩევნების. იმიტომ, რომ ზოგიერთი აცხადებს, რომ ამ არჩევნებს მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ პრეზიდენტის უფლებები შეზღუდულია და მნიშვნელოვან ფიგურას არ წარმოადგენს. რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას ხმის მიცემის პროცესში, მით უფრო ლეგიტიმური იქნება ჩვენი არჩევნები,"- დასძინა კახიშვილმა.