უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 19-20 ოქტომბერს პრეზიდენტობის სახალხო კანდიდატმა ნესტან კირთაძემ შეხვედრები კიევში გამართა.
„გამოვდივარ ინიციატივით, რათა უახლოეს მომავალში გაიმათოს ქართულ-უკრაინული ბიზნეს ფორუმი თბილისსა და კიევში, ხოლო შემაჯამებელი შეხვედრა ბრიუსელში, ევროპარლამენტში , ევროპის პოლიტიკური და ბიზნესლიდერების, საერთაშორისო ექსპერტებისა და მედიის წინაშე.
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და ახალ ინტენსიურ თანმიმდევრულ საქმიან თვისობრიობაში გადაიზარდოს. ერთად ვიაროთ ევროპული გზით,მაშასადამე დამოუკიდებლობის, ეკონომიკური განვითარებისა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობის გზით", - განაცხადა ნესტან კირთაძემ ბიზნესმენებისა და უკრაინის საქმიანი წრეების, აგრეთვე უცხოელ ბიზნეს ექსპერტებთან გამოსვლისას კიევში, რომელიც უკრაინის წარმატებულ ქალთა კლუბის ორგანიზებით სასტუმრო „პრემიერ პალასის" საკონფერენციო დარბაზში შედგა.
კიევის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს კითხვები დაუსვეს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის, სტაბილური პოლიტიკური გარემოს შესაძლებლობების, საგადასახადო პოლიტიკისა და ბაზრის მოთხოვნების შესახებ.
შეხვედრამ საქმიან, გულწრფელ და თბილ ვითარებაში ჩაიარა.
უკრაინულმა მხარემ ნესტან კირთაძის ინიციატივას ერთობლივი ბიზნეს ფორუმის გამართვის შესახებ მხარი დაუჭირა.
კიევში ნესტან კირთაძემ შეხვედრები გამართა თანამემამულეებთან, რომელიც უკრაინის ქართველთა სათვისტომოს სააქტო დარბაზში, სათვისტომოს ხელმძღვანელის, ბესო შამუგიას მესვეურობით გაიმართა.
შეხვედრამ ორ საათზე მეტ ხანს გასტანა. უკრაინაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა პრეზიდენტობის სახალხო კანდიდატთან უსაზღვროდ საინტერესო დისკუსია და დიალოგი გამართეს. ნესტან კირთაძემ უპასუხა ყველა მათ დასმულ შეკითხვას და სთხოვა ახალგაზრდა ქართველებს, აქტიურად ჩაერთონ სამშობლოში მიმდინარე პოლიტიკურ, საგანმანათლებლო და კულტურულ პროცესებში.
კიევში პრეზიდენტობის კანდიდატს შეხვედრა გაუმართა საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ.
ნესტან კირთაძემ და მიხეილ უკლებამ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს მოახლოებულ ვილნიუსის სამიტზე, იმ ისტორიულ შანსზე რომელიც საქართველომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით უნდა წარმართოს ევროინტეგრაციის გზაზე.
ნესტან კირთაძემ საქართველოს ელჩი საქმის კურსში ჩააყენა მოსალოდმელ ქართულ-უკრაინულ ბიზნეს ფორუმისა და ყველა იმ საქმიან კონტაქტებზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას.
21 ოქტომბერს პრეზიდენტობის სახალხო კანდიდატ ნესტან კირთაძე კიევიდან ოდესაში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრები ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროპის ბიზნესასოციაციასთან და უკრაინელ მეწარმეებთან, ოდესის წარმატებულ ქალთა კლუბში და უკრაინულ მედიასთან.
ნესტან კირთაძე მონაწილეობას მიიღებს უკრაინულ სატელევიზიო პროგრამაში, სადაც მზადდება მისი გამოსვლა.
უკრაინაში, ოფიციალურ ვიზიტს პრეზიდენტობის სახალხო კანდიდატი 22 ოქტომბერს დაასრულებს.