დღეს, 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია მარნეულის კულტურის ცენტრში კინოკლუბს გახსნის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელით მარნეულის მუნიციპალიტეტს კინოჩვენებებისათვის საჭირო აპარატურას გადასცემს.
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე მარგიშვილი, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელობა და აზერბაიჯანელი სტუმრები.
ახლადგახსნილ კინოკლუბში ნაჩვენები იქნება რეზო ჩხეიძის მხატვრული ფილმი „ჯარისკაცის მამა". პრემიერაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეულია რეჟისორი რეზო ჩხეიძე, ღონისძიებას ასევე დაესწრებიან სსიპ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, მსახიობები და მოწვეული სტუმრები.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ამ რეგიონში მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურული და საგანმანათლებლო დონის ამაღლებას კინემატოგრაფიის დარგში.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ისპანდიარ ქერიმოვი.