ქართველი ტურისტების ისრაელის ტერიტორიაზე არ შეშვებასთან დაკავშირებით, საქართველოში ისრაელის საელჩო მოკვლევას აწარმოებს. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" საელჩოში განუცხადეს, ამ დროისათვის აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და საელჩო ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ „ინტერფაქსის" ინფორმაციით, ქართველ ტურისტთა ჯგუფი ისრაელში არ შეუშვეს. გამოცემის ინფორმაციით, ტურისტები ელოდებიან თვითმფრინავს, რომელიც მათ საქართველოში გადმოაფრენს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის აეროპორტის საპასპორტო კონტროლის სამსახურმა ქართველი ტურისტების ჯგუფი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვა.
26 კაციანი ტურისტული ჯგუფი ისრაელში 11 ოქტომბერს ჩაფრინდა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეს ადამიანები ადრე ისაელიდან იყვნენ გამოძევებულნი, რადგანაც ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებოდნენ.