8 ოქტომბერს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე „უნიმედი აჭარა ხულოს სამედიცინო ცენტრის" მენეჯერს და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.
შეხვედრას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე და „ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს" დირექტორი გიორგი გიორგაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ექიმებმა აჭარის ჯანდაცვის მინისტრს დახმარება ხელფასების მატების, ანაზღაურების დროულად გაცემის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლებაში სთხოვეს.
მინისტრმა განმარტა, რომ სამედიცინო დაწესებულება კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაა და შრომის საკითხებზე, მათ შორის ანაზღაურების დაგვიანებით გაცემის შესახებ მედ-პერსონამა ხელმძღვანელობას უნდა მიმართოს. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში შესრულებული მომსახურების ხარჯებს, ნუგზარ სურმანიძის თქმით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს თანხებს უახლოეს პერიოდში დაურიცხავს.
მინისტრის თქმით, ხელფასები დამოკიდებულია ამა თუ იმ სპეციალისტის დატვირთვაზე, დატვირთვა კი დამოკიდებულია პაციენტების მომართვიანობაზე. სამედიცინო დაწესებულება, თვით სპეციალისტი პაციენტისთვის მიმზიდველია, როცა დაწესებულება მათ სთავაზობს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას კარგ გარემოში. სპეციალისტის დატვირთვა კი ძირითადად განპირობებულია მისი მაღალი კვალიფიკაციით. თუ დაწესებულება ამ პირობებს პასუხობს, მას დატვირთვის პრობლემები ნაკლებად შეეხება.
რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ავტოპარკის განახლებას, ეს სადაზღვევო კომპანიის პრეროგატივაა. საკითხი რამდენჯერმე დაისვა მათი ხელმძღვანელების წინაშე და კიდევ ერთხელ დაისმება, ვინაიდან არსებული სატრანსპორტო საშუალებებით დროული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორგანიზება შეუძლებელია.
ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიას ხულოს სამედიცინო ცენტრის, მხოლოდ 3 ექიმის დავალიანება მართებს და მათ ხელფასები უახლოეს დღეებში მიეცემათ. გიორგი გიორგაძე ექიმებს თანამშრომლობას და ხელმძღვანელებთან შუამდგომლობას დაჰპირდა.
შეხვედრაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მედიკოსებს ინფორმაცია სამინისტროს 2014 წლის პრიორიტეტებზეც მიაწოდა.