საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის განცხადებით, ლენტეხის რაიონის სოფელ მელეში მდინარე ცხენისყალის მონაკვეთზე მდინარეში მომწამლავი ნივთიერებით სავსე კასრების მოხვედირს შედეგად გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად მისი უწყება აქტიურად მუშაობს.
მინისტრის თქმით, მდინარის კალაპოტი უკვე შიცვალა, თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად ეს საკმარისი არაა და დარიშხანის კასრების გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით კონკრეტული ღონისძიებები უახლოეს მომავალში გატარდება.
"მოხდა მდინარის კალაპოტის ისეთნაირად შეცვლა, რომ იმ კასრებთან აღარ მიდის ეს წყალი, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. ჩვენ ვმუშაობთ პროექტზე და ეს პროექტი უახლოეს დღეებში მზად იქნება, რომელიც ითვალისწინებს იქ ჯებირის გაკეთებას და ამ ტერიტორიის შემოღობვას. შემდეგ ერთობლივი ძალისმევით სახელმწიფოს მხრიდანაც და იმედი მაქვს, ჰოლანდიის მთავრობის დახმარების ფარგლებშიც, შესაძლებელი გახდება სარკოფაგების გაკეთება და და ამ ყველაფრის განთავსება სარკოფაგებში,"- განაცხადა ხათუნა გოგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ლენტეხის რაიონის სოფელ მელეში მდინარე ცხენისწყალს ქიმიური ნივთიერება დარიშხანი 28 სექტემბერს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული ბუნებრივი პროცესების გამო შეერია.
დასავლეთ საქართველოს დიდი ქალაქების - ქუთაისის, სამტრედიის და ხონის სასმელი წყალმომარაგების ვარგისიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც დარიშხანის სამარხს ძირი გამოეთხარა და კონტეინერები, რომლებშიც მომწამლავი ნივთიერება ინახებოდა, მდინარე ცხენისწყალში აღმოჩნდა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში რაიონში ონკოლოგიური დაავადებების სიხშირემაც იმატა და საფრთხე შინაურ ცხოველებსაც ემქურებათ.
გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალური ჯგუფები უკვე მუშაობენ, რაც შეეხება მიწაში მოთავსებული დარიშხანის გაუვნებელყოფას, როგორც სამინისტროში აცხადებენ, სახელმწიფოს სარკოფაგის ასაშენებელი ფინანსები არ ჰქონდა.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით კი, მდინარე ცხენისწყლის სასმელი წყლის ავზის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მდინარეს კალაპოტი შეეცვალა. ასევე, უწყებაში განმარტავენ, რომ რამდენიმე დღის წინ ქუთაისის, სამტრედიის და ხონის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი სწორედ ამ მდინარის წყლის შესაძლო დაბინძურების თაობაზე არსებული ინფორმაცია გახდა, თუმცა ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სასმელი წყალი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საზიანო არ იყო და აღნიშნული მუნიციპალიტეტების მოსახლეობას წყლის მიწოდება მეორე დღესვე აღუდგა.
აღნიშნულ საკითხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძეც გამოეხმაურა. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, "ამ ეტაპზე მდინარის ყველა კრიტიკულ ადგილზე, სადაც წყალში დარიშხანის კონცენტრაციის დონე იზომება, მონაცემები დაშვებული ნორმის ფარგლებშია და ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის თანახმად, მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი ფაქტორები არ არსებობს".
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, სამომავლოდ რისკების თავიდან ასაცილებლად ლენტეხის რაიონის სოფელ მელეში არსებული დარიშხანის მარაგის გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შედის და აღნიშნული სამინისტრო პრობლემის ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში მოგვარების მიზნით, სხვადასხვა უცხოელ დონორებთან ერთად აქტიურად მუშაობს.
"მოგეხსენებათ, ეს გახლავთ ძველი, საბჭოთა კავშირის დროიდელი ქარხნის ნარჩენები და დასაწყობებულია. გარემოს დაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს თუ როგორ მოხდეს ამ ნივთიერების დასაწყობება. სასმელ წყალზე ექსპერტიზა ორმა ქართულმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ და გერმანიიდან ჩამოსულმა ექსპერტთა ჯგუფმა ჩაატარეს და ქართული ლაბორატორიების მიერ მიღებული მონაცემების თანახმად, წყალში დარიშხანის კონცენტრაცია არის დასაშვებზე დაბლა, ანუ ნორმის ფარგლებში და გერმანული ლაბორატორიის წინასწარი მონაცემებიც დაახლოებით ასეთია, საბოლოო მონაცემები კი, ჯერ არ არის,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება სასმელ წყალში დარიშხანის შემადგენლობის დაშვებულ ნორმას, გამყრელიძის თქმით, იგი 0.01 მილიგრამს ლიტრზე შეადგენს და ყველა ადგილზე, სადაც წყლის სინჯების აღება და მისი ლაბორატორიულად დამუშავება
ცნობისთვის, ლენტეხის რაიონში საბჭოთა კავშირის დროს დარიშხანი სამრეწველო საქმიანობისთვის გამოიყენებოდა და ნივთიერებას ადგილობრივი ქარხანა აწარმოებდა, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს დაიხურა და ობიექტის მიერ გამომუშავებული, მიწაში ჩაფლული მომწამლავი ნივთიერება უტილიზაციას არ ექვემდებარება.