ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სანდრო თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარედ გამავალ ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე რუსული მხარის მიერ სიტუაციის გართულება პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოსთვის მომგებიანი იქნება.
როგორც თვალჭრელიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, აღნიშნული მილსადენი საქართველოს ტერიტორიაზე რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებით გადის და ყველა ქვეყნაში, მათ შორის რუსეთშიც, ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულება კონსტიტუციაზე მაღლა დგას, ამიტომ, ნავთობსადენის ოკუპირებულ ზონაში მოქცევის და მისი გამართულად მუშაობის შესაძლო შეფერხების გამო, რუსეთის ფედერაციას ხისტი საერთაშორისო სანქციები დაუწესდება.
ამასთან, როგორც ექსპერტი განმარტავს, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის და ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მონაკვეთის ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის კონტროლქვეშ მოქცევის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია გადაწყვეყილება მიიღოს და აღნიშნული მილსადენის ნაწილის დემონტაჟი და მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განთავსება მოახდინოს.
"ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში. ბაქო-სუფსა 200 მილიმეტრიანი მილია და მან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა დაკარგა მას შემდეგ, რაც ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი აშენდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მილსადენი საერთაშორისო ხელშეკრულების ქოლგის ქვეშ იმყოფება, რომელსაც თავის დროზე ხელი რუსეთმაც მოაწერა და ამიტომ, რუსეთის ნებისმიერი ნეგატიური ქმედება ჩვენთვის სასარგებლოა. თუ რუსეთმა დააზიანა, ნავთობი მოიპარა იქიდან ან ააფეთქა, ჩვენთვის ეს მხოლოდ კარგია. ქეთრინ ეშტონი ახლა ე.წ. საზღვრის გადმოწევაზე გამოთქვამს შეშფოთებას და საერთაშორისო მილსადენის დაზიანებაზე წარმოიდგინეთ მისი რეაქცია. ასე რომ, რუსები ან სცემენ საერთაშორისო კანონმდებლობას პატივს, რაც ჩვენთვის კარგია და ან არ სცემენ საერთაშორისო კანონმდებლობას პატივს, რაც ჩვენთვის უფრო კარგია. ბოლობოლო ავიღებთ და გადავჭრით ამ მილს და იმ 200 მეტრს სხვაგან გავიყვანთ. პრობლემას ვერ ვხედავ ვერანაირს. პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც უფრო ცუდი იქნება მდგომარეობა, ჩვენთვის უფრო კარგია. ძალიან ხისტი სანქციები შეიძლება დაუწესდეს რუსეთს, ევროპარლამენტიდან გარიცხვის ჩათვლით. ყოველ შემთხვევაში, ხმა შეუძლიათ შეუჩერონ და ძალიან ხისტი ზომები იქნება მიღებული. ამასთან, რიჩარდ ნორლანდმა რამდენიმე დღის წინ ბოდიში მოიცხადა, რომ აშშ-ს მთავრობამ რუსეთის ამ ქმედებებს სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია და მან ამის გამოსწორების პირობა დადო,"- განაცხადა სანდრო თვალჭრელიძემ.
ცნობისთვის, საოკუპაციო ზოლის გადმოწევის და ოკუპირებულ ზონაში სოფელ ყარაფილას მოქცევის შემთხვევაში შესაძლოა, ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის 1 500 მეტრიანი მონაკვეთი საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ზონაში აღმოჩნდეს.
საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილის პაპუნა უგრეხელიძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსი სამხედროები მავთულხლართებს საბჭოთა კავშირის დროს არსებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის დადგენილი საზღვრების მიხედვით ავლებენ, ნაკლებად მოსალოდნელია სოფელი ყარაფილა ოკუპირებულ ზონაში აღმოჩნდეს, რადგან საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სოფელი კასპის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მოქცეული.
ენერგეტიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ბაქო-სუფსის მილსადენის ოკუპირებულ ზონაში შესაძლო მოხვედრა ენერგეტიკული თვალსაზრისით პრობლემას არ ქმნის, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ რუსი სამხედროები კიდევ ერთი კილომეტრით მოახდენენ ე.წ. საზღვრის გადმოწევას, მავთულხლართები და ე.წ. სასაზღვრო ღობეები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალიდან 500 მეტრის დაშორებით აღმოჩნდება.
"ენერგეტიკული თვალსაზრისით ეს არავითარი საფრთხისშემცველი არ არის. მაგრამ ის ფაქტი, რომ ისინი ავტობანიდან 500 მეტრში აღმოჩნდებიან, რა თქმა უნდა უფრო საშიში და მნიშვნელოვანია, ვიდრე ოკუპირებულ ზონაში მილსადენის 1 000 მეტრის მოქცევა,"- განაცხადა ილია ელოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთის ოკუპირებულ ზონაში შესაძლო მოხვედრის თაობაზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.