საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროქტს "პოლიციის შესახებ", რომელსაც უმრავლესობა რევოლუციურს უწოდებს, არასამთავრობო სექტორი კრიტიკულად აფასებს. თუმცა აღინიშნება, რომ კანონპროექტში არის რამდენიმე დადებითი ჩანაწერით.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები და შენიშვნები მომზადა, რომლის მიხედვითაც, იკვეთება პრობლემური საკითხები, რომელიც აუცლებლად გასათვალისწინებელია ადამიანის უფლებებთან კანონპროექტის შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ვახუშტი მენაბდენ „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, კანონპროექტი არსებითად ცვლის ხელისუფლების პოლიტიკასა და მიდგომებს სამართალდაცვითი საკითხების მიმართ.
„პოლიციას ენიჭება მნიშვნელოვანი ძალაუფლება პრევენციული მიზნებისთვის ჩაერიოს პირის თავისუფლებაში და გამოიყენოს ერთგავარად რეპრესიულ-პრევენციული მეთოდები დანაშაულის თავიდან აცილების ან/და აღკვეთის მიზნით", - აცხადებს მენაბდე.
მისივე თქმით, კანონპროექტის მიღებამდე მნიშვნელოვანია, ინიციატორმა სათანადოდ დაასაბუთოს პოლიციის პრევენციული უფლებამოსილებების გაზრდის საჭიროება და მიზანშეწონილობა.
„ასევე, სისტემურად იქნეს შეფასებული და დაგეგმილი სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებების გაფართოების პარალელურად კონტროლის ადეკვატური მექანიზმების შექმნის საკითხი", - განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა.