25 სექტემბერს, 10:00 საათზე, აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრებიან. ფერმერებს ხურვალეთის, ბერბუკისა და შავშვების იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებებიდან თანამედროვე სარწყავი სისტემები და ბოსტნეულის ჩითილები გადაეცემათ. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით და პროდუქციის გაყიდვით მიღებული შემოსავლის ხარჯზე იძულებით გადაადგილებულ ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, საარსებო პირობები გაიუმჯობესონ.
პროექტი ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ისრაელის საელჩოსა და ქართული საკვების დისტრიბუტორი კომპანია „ეკო ფარმის" თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ხურვალეთში, ბერბუკსა და შავშვებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ფერმერების პრობლემების მოგვარება.
USAID-ის მეშვეობით, პროექტს შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსების. პროექტი შემუშავებულია საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და თემების მოსახლეობის დახმარების მიზნით, რათა შესაძლებელი გახდეს ეკონომიკური ბაზრების საქმიანობაში მათი ჩართვა, ინვესტიციების მოზიდვა და ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელთაც პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი ექნებათ. პროექტი სარგებელს მოუტანს მინიმუმ 70 ათას სოფლად მცხოვრებ და სოციალურად დაუცველ ოჯახს დუშეთის, ყაზბეგის, ქარელის, გორის, ხაშურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სიღარიბის შემცირებას, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესებას, იძულებით გადაადგილებული პირების ჩათვლით და გააძლიეროს ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობა თემების საჭიროებების დაკმაყოფილების საქმეში. ამ და სხვა პროექტების საშუალებით, აშშ-ის მთავრობა ხელს უწყობს სტაბილურ და ყოვლისმომცველ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუტანს სარგებელს.