პრეზიდენტის რწმუნებულ/გუბერნატორის სამეგრელო-ზემო სავნეთის მხარეში თენგიზ გუნავას განცხადებით, სამეგრელოში თხილის მოსავალზე ფასის ვარდნა ხელოვნურადაა გამოწვეული და აღნიშნულის უკან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოცვასთან დაახლოებული პირები დგანან.
გუნავას ინფორმაციით, "21 სექტემბერს ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებული ბიზნესმენი, ორგანიზაცია „მსოფლიო ტექნიკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ბრეგვაძე იმყოფებოდა, რომელმაც ადგილობრივი თხილის შემსყიდველი ბიზნესმენები შეკრიბა და მათ ორი მკაცრი მითითება მისცა: თხილის შესყიდვის ფასის დაწევისა და დიდი რაოდენობით თხილის მხოლოდდამხოლოდ ზუგდიდის ერთ თხილის ქარხანაში ჩაბარების თაობაზე, რომელსაც ზუგდიდელები „ივანიშვილის ქარხანას" უწოდებენ".
ამასთან, გუნავას თქმით, "21 სექტემბერს ჩატარებულ „თათბირს" მოჰყვა ის, რომ მეორე დღესვე თხილის შესასყიდმა ფასმა საგრძნობლად დაიწია, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გულისწყრომას იწვევს".
„აღსანიშნავია, რომ ახალი მთავრობის წარმომადგენლების, მისი მეთაურის, პრემიერმინისტრის არაერთგზის განცხადების მიუხედავად იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ბიზნესი თავისუფალი იქნებოდა, რეალობა სულ სხვაგვარია. ამჯერად თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო ბიზნესის იმ სახეობაზე, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული სამეგრელოს და არამარტო სამეგრელოს მოსახლეობის ოჯახების ფინანსური მდგომარეობა. დღეს, როცა შეჩერებულია მიმდინარე მშენებლობები და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია სამეგრელოში, როცა არათუ არ შექმნილა ახალი სამუშაო ადგილები, არამედ უკვე არსებულიც კი გაქრა, რეგიონის მოსახლეობა უდიდეს იმედს ამყარებდა საკარმიდამო ნაკვეთებზე მოწეულ თხილის მოსავალზე, რომელსაც უამრავი ოჯახი ნაწილ-ნაწილ, საჭიროების მიხედვით ჰყიდის, რათა ზამთარს მომზადებული შეხვდეს და, ელემენტარულად, ყოველდღიურ პრობლემებს გაუმკლავდეს. აქედან გამომდინარე, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი კილოგრამი თხილის საბაზრო ღირებულება, რომელიც დღითიდღე ეცემა: სულ რაღაც სამი დღის წინ შესასყიდი ფასი 3.20 ლარი იყო, დღეს კი 2.80 გახდა, რაც, ბუნებრივია, მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს. სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ თხილის ფასის დაწევა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოწვეულია ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გარემოცვასთან დაახლოებული პირების უხეში ჩარევით ადგილობრივ ბიზნესში. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ თხილის მოსავლის რეალიზაციის თემა განსაკუთრებით სენსიტიურია სამეგრელოს მოსახლეობისთვის და მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს გადამჭრელი ზომები ადგილობრივ ბიზნესში მსგავსი მეთოდებით ჩარევის აღსაკვეთად", - ნათქვამია თენგიზ გუნავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.