„რუსეთის მიმართ ისტერიკით, იარაღის ჟღარუნით და მუქარებით უბრალოდ წინ ვერ წავალთ,"- ამის შესახებ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ დვანთან მავთულხლართების გავლების პროცესის განახლების ფაქტის კომენტირებისას ისაუბრა.
როგორც კობახიძემ „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, „საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შესახებ საერთაშორისო საზოგადოება შესაბამისად იყოს ინფორმირებული, თუმცა რუსეთთან ამ პრობლემის მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს".
„ყველა ძალიან შეშფოთებული ვართ ამ მოვლენით რაც ხდება. ეს არის ძალიან არასასიამოვნო ფაქტი, რომელიც ჩვენი ყურადღების ცენტრში უნდა იყოს ყოველწუთიერად და ნებისმიერი საერთაშორისო დონის შეხვედრაზე და ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე განსახილველი საკითხი ეს უნდ აიყოს. და ეს ასეც არის. ჟენევის ფორმატი არის ძირითადი ფორმატი, სადაც ეს საკითხი სხვა საკითხებთან ერთად უნდა დაისვას და იგივე, აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე მიუხედავად იმისა, რომ იქ სხვა საკითხები იხილება, როგორც ვიცი და როგორც ოფიციალურად განაცხადა ბატონმა ზურა აბაშიძემ, მან შეშფოთება გამოთქვა, დააფიქსირა თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით და ეს უნდა იყოს დღის წესრიგში ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე. ნამდვილად, არც ერთი წამით არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება. სამწუხარო ფაქტია, რომ ეს ასე ხდება და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან გარკვეული ტონალობა შევცვალეთ, ისტერიულ ტონში არ ვსაუბრობთ, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს სხვა ფორმით გადავწყვიტოთ ეს კონფლიქტი და ზოგადად, იგივე მავთულხლართების საკითხი თუ არა დიპლომატიური გზით, მოლაპარაკებებით და ჩვენი პარტნიორების ჩართულობით. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ჩვენ რუსეთის მიმართ ისტერიკით, იარაღის ჟღარუნითა და მუქარებით უბრალოდ წინ ვერ წავალთ და ვერაფერი კარგი ამან ვერ მოგვიტანა. მოგვიტანა 2008 წელი და კიდევ უფრო მეტი დაგარგული ტერიტორიები. ამიტომ, ისევ და ისევ დიპლომატიის ენით უნდა გადავწყვიტოთ და რა თქმა უნდა, არც ერთი წუთით ურადღება არ უნდა მოდუნდეს და განსაკუთრებით ამ რეგიონების მიმართ და ეს მუდმივი შეშფოთების საგანია,"- განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მანანა კობახიძემ.
ცნობისთვის, 22 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ დვანთან რუსმა სამხედროებმა სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. საოკუპაციო ზოლის 400 - 500 მეტრით გადმოწევის შედეგად, საქართვლოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე 10 ჰექტარამდე მიწის ფართობი და მასზე არსებული სახნავ-სათესი მიწები და მოსახლეობის ხეხილის ბაღები მოექცა.