კახეთში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ლოპოტა კალაპოტიდან გადმოვიდა. წუხანდელი ძლიერი წვიმის გამო, პრობლემები შეექმნა თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და დატბორილია ათეულობით საცხოვრებელი სახლი.
"გუშინდელმა წვიმამ თელავის მუნიცილპალიტეტსი პრობლემები გამოიწვია. დატბორილია ოჯახები. ჩვენი სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებულები იყვნენ და დღეს დღის განმავლობაშიც სრული დატვირთვით იმუშავებენ. უახლოეს მომავალში ჩვენ დავიწყებთ ტექნიკის მობილიზებას, რათა ნაპირსამაგრი სამუშაოები განვახორციელოთ,"- განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გივი მეტრეველმა.
სტიქიური უბედურების ზონაში მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ძლიერი წვიმის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ზარალის დამთვლელი კომისია უახლოეს პერიოდში დაიწყებს მუშაობას.