კომპანია „თელასმა" №2057 სატრანსფორმატორო ქვესადგურზე სრული რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოები დაასრულა. სატრანსფორმატორო ქვესადგური ელექტროენერგიით პირველი კატეგორიის მომხმარებლებს - თბილისის 8 მსხვილ სამედიცინო დაწესებულებას უზრუნველყოფს.
განახლებული ქვესადგური ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა დავით სერგეენკომ და სს „თელასის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა გახსნეს.
სატრანსფორტმატორო ქვესადგურის სრული რეაბილიტაცია სს „თელასის" 2013-2014 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოების პროგრამის და თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის ტექნიკური გადაიარაღების და მოდერნიზების პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
სატრანსფორმატორო ქვესადგურზე შენობის კაპიტალური რემონტი და ელექტროტექნიკური ნაწილის რაკონსრუქცია-მოდერნიზების სამუშაოები ჩატარდა: დამონტაჟდა თანამედროვე ვაკუუმური ამომრთველები, რომლებიც როგორც საკომუტაციო და მექანიკური ცვეთამედეგობით, ასევე დიდი საიმედოობით და უსაფრთხოებით გამოირჩევა; განხორციელდა 10-0,4 კვ. გამანაწილებელი მოწყობილობების სრული მოდერნიზება; შეიცვალა 10 კილოვოლტიანი გადამცემი საკაბელო ხაზები; გაიზარდა ქვესადგურის სიმძლავრე. თუ ადრე აღნიშნულ სატრანსფორმატორო ქვესადგურის კვება 6 კილოვოლტიანი ფიდერით მხოლოდ ქვესადგურიდან „დიღომი-1" ხორციელდებოდა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ტრანსფორმატორი ელექტროენერგიას ქვესადგურებიდან „დიღომი-1" და „დიღომი-2" 10 კილოვოლტიანი საფიდერო ხაზის მეშვეობით იღებს.
აღნიშნული სამუშაოების შედეგად სატრანსფორმატორო ქვესადგურის სიმძლავრე 500-დან 1500 კილოვატამდე გაიზარდა, ასევე მნიშვნელოვნად ამაღლდა აბონენტების ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობა და ხარისხი.
***სს „თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი" „ინტერრაო ეეს"-ის შემადგენლობაში შევიდა. „ინტერრაო ეეს"-ის მფლობელობაშია „თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.
***ჯგუფი „ინტერრაო ეესი"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია , მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერრაო ეეს"-ის სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება.
„ინტერრაო ეეს"-ის ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.