ბოლო 5 წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა. რეგიონში 40-45 %-ით გაიზარდა ასევე ვიზიტორთა რაოდენობაც. როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაშია აღნიშნული, რომელიც 2014 - 2021 წლებს მოიცავს, რეგიონის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება მოითხოვს ტურიზმის სფეროში ახალი ბიზნეს ინიციატივების განხორციელებასა და ასევე, არსებული საწარმოების განვითარებას.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განმარტებით, იმისათვის, რომ რეგიონმა უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს, აუცილებელია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სამხარეო ადმინისტრაციისა და თვითმმართველობების კერძო სექტორთან თანამშრომლობის გააქტიურება და, შესაბამისად, ახალი ტურისტული ბიზნეს-პროექტების შემუშავება, რომლებიც კერძო სექტორის უშუალო მონაწილეობით განხორციელდება.
„რეგიონში განვითარების პოტენციალი გააჩნია ისეთ ტურისტულ ბიზნესებს, როგორიცაა მაღალი დონის სასტუმროებისა და მცირე საოჯახო სასტუმროების ამოქმედება, მომხმარებლებისათვის ინოვაციური ტურისტული მომსახურებების პაკეტების შეთავაზება (მაგ. მთასვლელობა), მაღალი ხარისხის კვების ობიექტების გახსნა, სუვენირებითა და ხელნაკეთი ნივთებით ვაჭრობის ორგანიზება, რეგიონის ტბების ტურისტული რესურსის გამოყენება (ნაოსნობა, თევზაობა), თრიალეთის ხეობაში ექსტრემალური ტურისტული მომსახურებების მოწყობა, რეგიონის ეკო-ტურისტული შესაძლებლობებისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიის ტურისტული პოტენციალის გამოყენება, ბალნეოლოგიური კურორტების ამოქმედება ასპინძაში, ბორჯომსა და ახალციხეში"- აცხადებს დავით ნარმანია.
ირკვევა, რომ ამჟამად რეგიონში რეგისტრირებულია 138 სასტუმრო, რომელთაგანაც 78 საოჯახო ტიპისაა, 2010 წელს სასტუმროების მთლიანმა ბრუნვამ რეგიონში 7.3 მლნ ლარი შეადგინა. რეგიონში უცხოელი ტურისტები ძირითადად სომხეთიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან და აშშ-დან ჩადიან.