აჭარის მთავრობამ, ბათუმში Holiday inn-ის მფლობელ კომპანიას, სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის ვადა გაუხანგრძლივა. აჭარის მთავრობამ ინვესტორის თხოვნის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ახალი გეგმის მიხედვით, ბათუმში Holiday inn-ის ექსპლუატაციაში შესვლა 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოხდება.
აჭარის მთავრობის მხრიდან, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის მოტივი კი გახდა ის, რომ სასტუმროს მშენებლობისას თითოეული დეტალი Holiday inn-ის ბრენდის წარმომადგენლებთან თანხმდება, რაც თავის მხრივ გარკვეულ დროს საჭიროებს. ბრენდის მოთხოვნის თანახმად კი სასტუმრო უნდა იყოს მოქცეული ყველა საერთაშორისო სტანდარტებში. სწორედ ამიტომ ინვესტორმა ექსპლუატაციაში შესვლის ვადის გახანგრძლივების ნებართვა მოითხოვა. ხოლო რაც შეეხება სასტუმროს ფასადს, ის გეგმის მიხედვით 2013 წლის ოქტომბერში დასრულდება.
როგორც ცნობილია, ბათუმში სასტუმრო Holiday inn -ის ინვესტორი „აჭარა ჯგუფია", ხოლო უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებს კი „აჭარა ჯგუფის" შვილობილი „ქროსვეისი" აწარმოებს. „აჭარა ჯგუფში" განმარტავენ, რომ სასტუმროს მშენებლობისთვის კომპანია 25 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, საიდანაც კომპანიას მშენებლობისთვის 15 მლნ დოლარი უკვე დახარჯული აქვს. Holiday inn-ი 150 ნომერზე იქნება გათვლილი და სასტუმრო ყველა იმ სტანდარტს დააკმაყოფილებს, რასაც Holiday inn -ის ბრენდი ნებისმიერ ქვეყანაში აკმაყოფილებს. „აჭარა ჯგუფის" მენეჯმენტში განმარტავენ, რომ სასტუმროში განთავსდება ასევე კაზინოც, თუმცა ამ დროისათვის გადაწყვეტილი არ არის, თუ ვინ იქნება აღნიშნული კაზინოს მფლობელი. „აჭარა ჯგუფში" არ გამორიცხავენ, რომ კაზინოს მოსაწყობად ფართი სხვა სუბიექტზე გააქირაონ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის უკან ბათუმში, გოგებაშვილის ქ. #10-ში მდებარე ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა, პირობებიან აუქციონზე „არაი ჯორჯიამ" შეიძინა. პირობების მიხედვით, „არაი ჯორჯია" ვალდებული იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აეშენებინა. აღსანიშნავია, რომ აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსა და "არაი ჯორჯიას" შორის გაფორმებული ხელშეკრულება რამდენიმეჯერ გადაიხედა, თუმც ინვესტორმა პროექტის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის არსებული პირველადი ხელშეკრულების თანახმად, "არაი ჯორჯია" ვალდებული იყო, არანაკლებ 60-ნომრიანი სასტუმრო და კაზინო აეშენებინა. თუმცა საბოლოოდ „არაი ჯორჯიამ" ქონება „აჭარა ჯგუფზე" გაასხვისა, რომელიც იმ დროისთვის თბილისში Holiday inn -ის ბრენდის სასტუმროს უკვე ფლობდა.