გურჯაანში სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაფართოების საკითხზე პრეზენტაცია გაიმართა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი" ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,პროექტის მიზანია, კახეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაფართოება და სახალხო დამცველის ცენტრალურ ოფისთან ერთად, რეგიონში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა რეკომენდაციების მომზადება.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და კახეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სახალხო დამცველის მოადგილემ პაატა ბელთაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგნა სახალხო დამცველის საკონტაქტო პირი ლია ხუროშვილი და მისი თანაშემწე ნათია მინაშვილი და ზემოაღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რეგიონში საკონტაქტო პირის არსებობა გაცილებით ეფექტურს გახდის კახეთში სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას და გაზრდის მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის მიღებისა და დარღვევებზე რეაგირების კუთხით.
კახეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს რეგიონში სახალხო დამცველის საკონტაქტო პირის დანიშვნის ფაქტი და თანამშრომლობლობის სურვილი გამოთქვეს, როგორც ინფორმაციის გაცვლის, ასევე უფლებადარღვევის ფაქტებზე ერთობლივი რეაგირების მიმართულებით", _ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.