აფხაზეთის ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ბათუმის ყოფილი მერის ასლან სმირბას მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და სმირბას მიერ გაკეთებულ ყოველ განცხადებას სიცრუეს უწოდებს.
აფხაზმა ჟურნალისტმა სერგეი შამბასთან ინტერვიუ მისთვის ასლან სმირბას ტელეფონის ნომრის თხოვნით დაიწყო, რაზეც სერგეი შამბამ უპასუხა, რომ მას „უკვე დიდი ხანია მისი ტელეფონი არ აქვს".
„მე მას კარგად ვიცნობ, ოდესღაც ის აფხაზეთში ჩამოდიოდა და ჩვენ მას როგორც ბათუმელ აფხაზს ისე ვხვდებოდით, პატივისცემით. ხოლო როდესაც შემდეგ გაირკვა თუ როგორი ავანტიურისტი იყო (ის ჩამოდიოდა აფხაზეთში სტუდენტების საქმესთან დაკავშირებით, რომლებმაც ქართულ-აფხაზური საზღვარი უკანონოდ გადალახეს) მასთან ყველანაირი კონტაქტი შეწყდა. ბოლოს მე ის 5-6 წლის წინ ვნახე, როდესაც ბაღაფშის კაბინეტიდან გამოდიოდა. მან მაშინ მოატყუა ყველა და მას შემდეგ მე ის არც მინახავს და საერთოდ დამავიწყდა მისი არსებობის შესახებ.
დღეს კი მე ვალერი არშბამ დამირეკა, რომელიც აღშფოთებული იყო სმირბას მიერ გაკეთებული განცხადებებით. ეს ინფორმაცია მე გამიკვირდებოდა კიდევ მე რომ მისი ავანტიურისტული ბუნება არ მცოდნოდა", _ აცხადებს სერგეი შამბა და აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ სმირბას ამგვარი განცხადებების კეთება წინასაარჩევნოდ ქულების დასაწერად უნდა.
„აფხაზეთის თემა ხომ ყოველთვის გამოიყენება საქართველოში ფიარ-კამპანიებისათვის. ისინი ყოველთვის აცხადებენ არჩევნების დროს, რომ მათ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა შეუძლიათ. ვვარაუდობ, რომ ამ მეთოდით ან რომელიმე გუნდში შეძრომა სურს", _ აცხადებს აფხაზეთის ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი.
ამას გარდა, სერგეი შამბა აღნიშნავს, რომ მას ფარლი მოლაპარაკებები არასოდეს უწარმოებია.
„გაუგებარია ვის ხვდებოდა ის. შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ მე ნამდვილად არა. ჩემთან ასეთი საკითხი არასოდეს განხილულა და მე აფხაზეთის ფარგლებს გარეთ არასოდეს აღმიჭურვავს ჩემი თავი უფლებამოსილებით მეწარმოებინა მოლაპარაკებები რომლებიც საზოგადოებისათვის უცნობი იქნებოდა. ყველა მოლაპარაკება, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით, მე ვაწარმოები საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი. ფარული მოლაპარაკებები მე არასოდეს მიწარმოებია", _ აცხადებს სერგეი შამბა და დასძენს, რომ სმირბასთან თავდაპირველად კარგი ურთიერთობა სერგეი ბაღაფშსაც ჰქონდა, ვიდრე „დროთა განმავლობაში, ყველა არ მიხვდა თუ რას წარმოადგენდა ის. იგი ძალიან ცუდად მოიქცა სტუდენტების საქმეთან დაკავშირებით, გაითამაშა რაღაც საძაგელი წარმოდგენა. განა შესაძლებელი ასეთ ადამიანს დაუჯერო?!", _ აცხადებს სერგეი შამბა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმის ყოფილმა მერმა ასლან სმირბამ განაცხადა, რომ მას დამოუკიდებლად აქვს მოლაპარაკება აფხაზეთის ე.წ. მთავრობის თავმჯდომარესთან. ასლან სმირბამ პირობა დადო, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ ქართულ-აფხაზური კონფედერაციის საკითხი გადაწყდება. სმირბამ დასძინა, რომ მან არ იცის, აქვს თუ არა დღევანდელ ხელისუფლებას რაიმე სახის ინფორმაცია, რომ ის აკეთებს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს.
„ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს ვალერი არშბასთან და სერგეი შამბასთან. ასევე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან. მე გაძლევთ გარანტიას, 27 ოქტომბრის მერე ყველანაირი მოლაპარაკება წავა აფხაზეთთან, რომ ჩვენი კონფედერაციის საკითხი გადაწყდეს, ჩვენ ამას მივაღწევთ, გაძლევთ ამის გარანტიას!
ყოფილი ხელისუფლების პერიოდში, ერთ დილას მომაკითხეს უშიშროების სამსახურიდან, დამევალა ჩავსულიყავი აფხაზეთში, მოვლაპარაკებოდი მთავბრობის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და ერთ-ერთი მთავრობის თავმჯდომარე ჩამომეყვანა ტრაპზონში ვერტმფრენით. გადავიხადე 24 000 დოლარი, ჩამოვიყვანე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, შეგნებულად არ დავასახელებ გვარს. საქართველოდან კი ჩამოვიდა ბატონი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ახლა პატიმრობაში იმყოფება. სამი საათის განმავლობაში, სასტუმროში ისხდნენ და საუბრობდნენ. შემდგე კი გაკეთდა განცხადება, რომ მოვილაპარაკეთ, დავლაგდით და ა.შ. რაზე იყო იცით საუბარი? არაფერზე! ფედერაციაზე, კონფედერაციაზე და შიდა საქმეებზე.
არავის სიტყვას არ ვუჯერებ, არც ყოფილს და არც დღევანდელს. მე ვიცი რომ, 27 ოქტომბრამდე, ისე როგორც თურქეთიდან საქართველომდე და პირიქით, დიდი მანქანები დადიან, ასეთივე მანქანებმა უნდა იარონ აფხაზეთის ტერიტორიის გავლით. გაგრას გაივლიან და წავლენ რუსეთი, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში. შევთანხმდები აფხაზეთის ხელისუფლებასთან, რომ ეს საკითხდი გადაწყდეს. თუ გინდათ იცოდეთ სიმართლე, 80 პროცენტი მოგვარებულია. ამას ვაცხადებ, ასლან სმირბა.
ამ საკითხში პირადად მე ვმონაწილეობ. არ ვიცი აქვს თუ არა ხელისუფლებას რაიმე სახის ინფორმაცია. ისინი სხვა საქმეებით არიან დაკავებული და ქვეყნისთვის უფრო გლობალურ საკითხებს გადაწყვეტენ. მე ცუდს არაფერს ვაკეთებ, ვაკეთებ საქვეყნოდ კეთილ საქმეს. ჩემი უახლოესი მეგობრები არიან ვალერი არშბა, სერგეი შამბა, აფხაზეთის უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. მე ამ ადამიანებთან მაქვს უშულოდ ურთიერთობა. ჩემი უფლებამოსილება არის, გავაკეთო ის, რაც სჭირება ქვეყანას", _ განაცხადა ასლან სმირბამ.