რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინას ბრძოლის ველზე ამოსუნთქვის საშუალებას არ მისცემს.
„არ ვფიქრობ, რომ მან [უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ] ამოსუნთქვის საშუალება დაიმსახურა. არ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ უნდა წამოვეგოთ დარწმუნებებსა და დაპირებებს“, - განაცხადა ლავროვმა რუსულ მედიასთან საუბრისას.
ლავროვმა ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკული ზავის შესახებ დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ზელენსკი „ევროპული იარაღით გაჯერებული, რუსეთის ხალხის წინააღმდეგ ტერორისტულ ომს აწარმოებს“.
უკრაინას ენერგეტიკული ზავი ძალების აღსადგენად და ხელახალი შეიარაღებისთვის სჭირდება. მისი თქმით, კიევი ცდილობს, ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი ინიციატივა დროის მოსაგებად გამოიყენოს, ხოლო ევროპულმა ქვეყნებმა ეს პერიოდი შესაძლოა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გასაზრდელად გამოიყენონ.
„მიზანი ერთი და ძალიან მარტივია - დროის მოგება, რათა ამოსუნთქვის საშუალება მიიღონ... ზელენსკის მოჩვენებითი გაკვირვება პრეზიდენტ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: მას ძალიან სურს, საჯარო სივრცეში გაჟღერებული ნებისმიერი სიტყვა, ინიციატივა თუ იდეა გამოიყენოს, რათა ყველა შესაძლო გზით წინ წასწიოს თავისი ინტერესი - მიიღოს ამოსუნთქვის საშუალება“.
ამასთან, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ გააგრძელებს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევას და ეს მიზნები არ შეუცვლია.