არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" ლიდერის კახა მიქაიას განცხადებით, "ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრას სამართალდამცველები რომ არ იცავდნენ, "ნაციონალები" ზუგდიდში ვერ ჩავიდოდნენ".
როგორც მიქაიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერთა შეკრების პარალელურად, ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიის მოწინააღმდეგე ადგილობრივებიც იკრიბებიან და ქალაქში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტს მშვიდობიანი ფორმით გააპროტესტებენ.
"ორმაგი, სამმაგი ჯებირებითაა "ნაციონალური მოძრაობის" აქცია შემოსაზღვრული და ელოდებიან მათ ლიდერებს. ჩვენ მშვიდობიანი ფორმით გავაპროტესტებთ ამ ვადაგასული, გამაუპატიურებელი პარტიის ღონისძიებას. გუნავა ბოდავს და სიზმრებს ყვება, რომ თითქოს მე რამე არეულობა დავგეგმე და დღეს უნდა მოვაწყო, ეს იქნება მშვიდობიანი აქცია. არ იქნება ქვების და ბოთლების სროლა. რა თქმა უნდა შეძახილები იქნება, თუმცა მათ ხმის გამაძლიერებლები აქვთ დამონტაჟებული და ჩემი მეგაფონი დიდად ხელს ვერ შეუშლით. პოლიციელები რომ არ იცავდეთ, "ნაციონალები" ზუგდიდში ჩამოსვლას ვერ გაბედავდნენ,"- განაცხადა კახა მიქაიამ.
ცნობისთვის, ზუგდიდში ადგილობრივ მოსახლეობასთან "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება. ღონისძიება სამართალდამცველების მიერ გარსშემოტყმულ ტერიტორიაზე ჩატარდება. ილია ჭავჭავაძის ძეგლთან "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების შეკრების პარალელურად, საპირისპირო აქციას მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი კახა მიქაია და მისი მხარდამჭერებიც მართავენ.