ზუგდიდში ყოფილ კეიდიას ქუჩაზე, ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო შეხვედრასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის რწმუნებულ/გუბერნატორმა სამეგრელო-ზემო სვანეტის მხარეში თენგიზ გუნავამ გაუცხადა, ადგილზე უკვე იკრიბებიან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები.
"ჩვეულებრივი სიტუაციაა ადგილზე, არავითარი დაძაბულობა ჯერ-ჯერობით არ არის. ჩვენ სამართალდამცველები მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად საქმის კურსში დროულად ჩავაყენეთ და იმედი გვაქვს, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცული იქნება. თუ პოლიციამ მოსალოდნელ დაძაბულობას სათანადო პასუხი არ გასცა და არ აღკვეთა, გამოდის, რომ ისინიც ჩვენი მოწინააღმდეგის პოზიციას დაიკავებენ,"- განაცხადა თენგიზ გუნავამ.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრის პარალელურად მიმდინარე საწინააღმდეგო აქციას, გუნავას თქმით, "დემოკრატიულ სახელმწიფოში ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა აზრის თავისუფლად გამოხატვა და კახა მიქაიასაც და ნებისმიერ სხვას, უფლება აქვს საწინააღმდეგო აზრი გამოთქვას, ოღონდ კანონის ჩარჩოებში".
ცნობისთვის, ზუგდიდში ადგილობრივ მოსახლეობასთან "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება. ღონისძიება სამართალდამცველების მიერ გარსშემოტყმულ ტერიტორიაზე ჩატარდება. ილია ჭავჭავაძის ძეგლთან "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების შეკრების პარალელურად, საპირისპირო აქციას მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი კახა მიქაია და მისი მხარდამჭერებიც მართავენ.