სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე აფხაზი სეპარატისტები უსაფრთხოების ზომების გამო მდინარე ენგურზე არსებული ადმინისტრაციული საზღვრის დახურვას გეგმავენ. „ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ამგვარი გადაწყვეტილება აფხაზეთის ე.წ. მთავრობაში უკვე მიღებულია.
მდ. ენგურზე მდებარე ადმინისტრაციული საზღვრის დახურვა 2014 წლის 7 იანვრიდან იგეგმება. საზღვარი საქართველოს მხრიდან აფხაზეთში შემსვლელთათვის მთლიანად დახურული იქნება.
ამას გარდა, სააგენტოს ინფორმაციით, ჯერ ჯერობით აფხაზეთის ე.წ. მთავრობაში საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვარი მთლიანად ჩაიკეტოს თუ აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეებს გადმოსვლის საშუალება დარჩეთ. ასევე არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით თუ რამდენ ხანს იქნება დახურული საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი.
შეგახსენებთ, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად მომდევნო წლის 7 თებერვალს იწყება.