სოხუმში რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ხუთი წლისთავზე მოკლული რუსი დიპლომატის მკვლელის ფოტორობოტი უკვე შეადგინეს. აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს ინფორმაციით უკვე ასევე ცნობილია სავარაუდო მკვლელის ვინაობაც
სავარაუდო მკვლელის სავარაუდო აღწერილობა და გამოსახულება უკვე დაურიგდა სამართალდამცავი ორგანოების ყველა თანამშრომელს. ამოქმედებული გეგმა „პერეხვატი". ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აფხაზეთში არსებულ რუსეთის ე.წ. საელჩოში მიიჩნევენ, რომ მომხდარი, დაგეგმილი ტერაქტია, ვინაიდან იგი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ხუთი წლისთავზე მოხდა.
დიპლომატი, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ავტომობილში ჩაცხრილეს. უკვე დადგენილია, რომ თავდაპირველად დიპლომატის კუთვნილი ავტომობილის აფეთქება იყო განზრახული, თუმცა ბომბი არ ამოქმედდა. ამის მიუხედავად ქილერმა გადაწყვიტა საქმე მაინც ბოლომდე მიეყვანა და ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილა. დიპლომატი მიღებული ჭრილობებისაგან ადგილზე გარდაიცვალა.