სენაკში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ადგილობრივი გამგეობა დაეხმარება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზურაბ ტყებუჩავამ განაცხადა ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ 25-მდე სახლში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს აღრიცხავს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ტყებუჩავამ განამარტა უახლოეს პერიოდში დაიწყება მდინარე ფაცის ნაპირსამაგრი სამუშაოებიც.
,,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტოსი გადაგზავნილია სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სია და ყველა მათგანს გაეწევა შესაბამისი დახმარება. რაც შეეხება მდინარე ფაცაზე ჯებირების მშენებლობას ის უახლოეს პერიოდში დაიწყება, რადგან სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გავაფორმეთ", _განაცხადა ზურაბ ტყებუჩავამ.
მისივე განმარტებით, სენაკში შედარებით გამოიდარა და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ფაცამ სენაკში 25-მდე სახლი დატბორა. შედეგად დაზარალდა საცხოვრებელი სახლების ეზოები, დატბორილია პირველი სართულები.