ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში 1-ელ სექტემბერს ტერაქტის დროს გარდაცვლილი 334 ადამიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართება. ზუსტად 13.05 საათზე საყოველთაო წუთიერი დუმილი გამოცხადდება და ზეცისკენ 334 თეთრ საჰაერო ბურთს გაუშვებენ. ხუთი წლის წინ, სწორედ ამ დროს ბესლანის სკოლაში პირველი აფეთქების ხმა გაისმა.
2004 წლის 1-ელ სექტემბერს, ოთხშაბათს, დილის 09:30 საათზე ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის #1 საშუალო სკოლის ეზოში ბავშვების საზეიმო შეკრების დროს, შენობას რამდენიმე ავტომობილი მიუახლოვდა. ავტომობილებში ნიღბიანი ტერორისტები ისხდნენ, მათ მუქი ტანისამოსი და ჯავშანჟილეტები ეცვათ. ნიღბიანებმა ავტომანქანიდან გადმოსვლისტანავე ჰაერში გასროლა დაიწყეს. დაახლოებით 50 მდე ბავშვმა გაქცევა სწორედ ამ დროს მოასწრო. ხოლო ისინი ვინც ეზოში დარჩნენ, მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს. მძევლები ტერორისტებმა სკოლის შენობაში შეიყვანეს.
იმ დროისათვის გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ტერორისტებმა მძევლად 354 ადამიანი აიყვანეს, მაგრამ მოგვიანებით განთავისუფლებული მძევლები აცხადებდნენ, რომ ბოევიკებს სკოლაში გაცილებით მეტი ადამიანი ჰყავთ დატყვევებული და მათი რაოდენიბა 1000-ს აჭარბებდა.
რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბესლანის #1 სკოლას 17 ბოევიკი დაესხა თავს, მათ შორის არიან როგორც მამაკაცები ასევე ქალები. როგორც მინიმუმ ორ ქალს ე.წ. შაჰიდის ქამრები აქვთ. დროთა განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ ბოევიკთა რაოდენობა არა 17 არამედ 20-25 ადამიანია.
სკოლის შენობაში შესვლისთანავე ბოევიკებმა შენობის ყველა გასასვლელთან ბარიკადები ააგეს და კარები ჩახერგეს. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ისინი მოლაპარაკებებზე არ გამოდიოდნენ და საზოგადოებისათვის უცნობი იყო მათი მოთხოვნები.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ცნობილი გახდა ასევე ის, რომ ბოევიკებმა სკოლის სპორტული დარბაზი დანაღმეს და ბავშვები იქ შეყარეს. უფროსები კი მშობლები და მასწავლებლები ცალკე ჰყავდათ დატყვევებული.
დანაღმული იყო ასევე სკოლის შენობის შემოგარენი. ტერორისტებმა განაცხადეს, რომ როგორც კი ხელმძღვანელობა სკოლის შენობის შტურმით აღების ბრძანებას გასცემდა ყველა ნაღმს აამოქმედებდნენ და ყველაფერს ააფეთქებდნენ. სკოლის შენობის ყველა ფანჯარასთან ტერორისტებმა ცოცხალ ფარად ბავშვები ჩაამწკრივეს.
მას შემდეგ, რაც ბოევიკებმა სკოლის შენობა "აითვისეს" და ყველა მძევალი "საჭირო ადგილას დააბინავეს" ფანჯრიდან გადმოაგდეს ვიდოფირი და წერილი სადაც სავაუდოდ მათი მოთხოვნები იქნებოდა ჩამოყალიბებული.
ვიდეოფირი ცარიელი აღმოჩნდა, წერილში კი ეწერა, რომ ტერორისტები ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩეჩნეთიდან რუსული ჯარის გამოყვანას, ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტთან ალესანდრე ზასოხოვთან, ინგუშეთის ხელმძღვანელთან მურატ ზიაზიკოვთან და ბავშვთა გადაუდებელი ქირურგიული ცენტრის დირექტორთან ლეონიდ როშალთან შეხვედრას ითხოვდნენ. სხვათაშორის სწორედ ეს როშალი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბოევიკებთან 2002 წელს, მაშინ როდესაც მათ დუბროვკაზე თეატრალურ ცენტში მძევლები აიყვანეს.
ამას გარდა, ტერორისტები ასევე ითხოვდნენ იმ ბოევიკების გათავისუფლებას, რომლებიც ინგუშეთში სახელმწიფოებრივ ობიექტებზე თავდასხმის გამო ჰყავდათ დაპატიმრებული იმავე წლის 21-22 ივნისს.
ტერორისტებმა ასევე განაცხადეს, რომ ყოველ მოკლულ ტერორისტზე 50 მძევალს დახოცავდნენ, დაჭრილზე კი 20-ს.
სკოლის შენობის საქვაბიდან 15 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, მათ შორის 4 ბავშვის. ისინი ბოევიკების სკოლის შენობაზე თავდასხმის დროს საქვაბეში შეძვრნენ და დაიმალნენ.
ყველა სხვა ოფიციალურ პირთან მოლაპარაკების გამართვაზე ტერორისტები უარს აცხადებდნენ. მოგვიანებით მათ თავად დაასახელეს ტელეფონის ნომერი და განაცხადეს, რომ მხოლოდ ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტს, ინგუშეთის ხელმძღვანელსა და დოქტორ როშალს დაელაპარაკებდნენ.
1 სექტემბერს დაახლოებით 16:00 საათზე სკოლის შენობაში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, მაგრამ კონკრეტულად რა მოხდა იმ დროს ან ვინ აფეთქდა დღემდე უცნობია.
დაახლოებით 20:00 საათზე ტერორისტები თავად დაუკავშირდნენ შტაბს და წყალი და სასმელი მოითხოვეს. მაშინ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენებმა განაცხადეს, რომ კონტაქტი იმდენად მოკლე დროის იყო, რომ მათ სკოლის შიგნით არსებული სიტუაციის დადგენა ვერ შეძლეს. ამავე დროს სამართალდამცავები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტერორისტები ბავშვებს "მეტ-ნაკლებად" ნორმალურად ეპყრობოდნენ და საპირფარეშოშიც გაჰყავდათ.
1 სექტემბერს ბესლანში ექიმი ლეონიდ როშალი ჩავიდა და ტერორისტებტან მოლაპარაკებები დაიწყო. საღამოს დაწყებული მოლაპარაკებები 2 სექტემბრის დილის 03:00 საათამდე გაგრძელდა. მერე ბოევიკებმა კავშირი გაწყვიტეს. მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა - წყლის, საკვებისა და მედიკამენტების სკოლის შენობაში შეტანა ვერ მოხერხდა. ბოევიკები ასევე ფრთხილობენ, რომ საკვებში მათ ფსიქორტოპული საშუალებები არ შეეპარებინათ...
ტერორისტებმა მძევალთა ერთი ნაკადი 26 ადამიანი მეორე დღეს გაათავისუფლეს. ეს ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტის რუსლან აუშევის ჩარევის შედეგად მოხდა. 26 ადამიანიდან 11 ქალი და 15 ბავშვი იყო. მაშ შორის ყველაზე პატარა თვენახევრის, ყველაზე დიდი კი 8 წლის იყო.
მალევე როგორც იქნა დუმილი დაარღვია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ბესლანის მოვლენაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
"ჩვენი უმთავრესი ამოცანა ახლა მდგომარეობს იმაში, რომ ვიხსნათ და გადავარჩინოთ მძევალთა სიცოცხლე", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ტერორისტთა მიერ ქალაქ ბესლანში სკოლის შენობის ბლოკირებისა და მძევლების აყვანის თითქმის პირველივე წუთიდან, ჩრდილო ოსეთში რუსეთის არმიის სამხედრო საჰაერო ძალებმა, ქალაქ ბესლანსა და მის შემოგარენში რუსული არმიის სპეცდანიშნულების რაზმების გადასროლა დაიწყეს. ეს მაშინ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების მთავარსარდალმა გენერალმა ვლადიმერ მიხაილოვმა პირადად დაადასტურა.
მიხაილოვი მაშინ აცხადებდა, რომ ბესლანში გადასროლილი იქნება იმდენი რაოდენობის "სპეციალისტი რამდენიც საჭირო გახდება", მოსწავლეთა სიცოცხლის გადასარჩენი ღონისძიებების ჩასატარებლად.
თითქმის პირველივე წუთებიდან გადაკეტილი იყო ასევე საქართველოსთან საზღვარიც.
მეორე დღეს, 2 სექტემბერს მას შემდეგ რაც ბოევკებმა უარი განაცხადეს საკვების, წყლის, მედიკამენტებისა და ჩეჩნეთში ან ინგუშეთში თავისუფალი დერეფნით გასვლაზე, მძევლების ნათესავებმა და ახლობლებმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ვიდეომიმართვა გაუგზავნეს, სადაც ბოევიკების მოთხოვნების შესრულებას სთხოვდნენ.
მესამე დღეს, 3 სექტემბერს ბოევიკებთან კვლავ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ უშედეგოდ სრულდებოდა.
ამავე დღეს ოფიცილაური განცხადება გააკეთა ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლევ ძუგაევმა, რომელმაც განაცხადა, რომ სკოლის შტურმი მანამ არ დაიწყება ვიდრე არსებობს საშუალება მძევალთა მოლაპარაკებების გზით გათავისუფლებისა. ეს განცხადება ძუგაევმა 3 სექტემბერს 01:30 საათზე გააკეთა...
ამ დღეს შტურმის დაწყებას ქალაქში არავინ ელოდა. უჩვეულო სიმშვიდე იყო და ამბობდნენ გაჩნდა იმედი ბოევიკებთან მოლაპარაკებისა, მაგრამ...
13:05 საათზე სკოლის შენობასთან ორი მძლავრი აფეთქება გაისმა და სროლაც დაიწყო... დაიწყო შტურმი... ქალაქში ყველაფერი აირია, სკოლის მხრიდან ქუჩებში გამორბოდნენ დასისხლიანებული ქალები და ბავშვები... ისმოდა სროლები და აფეთქებები... ქალაქის თავზე ვერტმფრენები ფრენდნენ... ამავე დროს თავად ქალაქ ბესლანში ადგილობრივ ინგუშებსა და ოსებს შორის დაპირისპირება დაიწყო... ყველაფერი აირია... ბოევიკებმა იმ დერეფნის მიზანმიმართული დაცხრილვა დაიწყეს საიდანაც მძევლები გამოჰყავდათ.
ქალაქში ინტენსიური სროლა და აფეთქებები გაგრძელდა... სკოლის შენობას მძლავრი აფეთქებების შემდეგ ცეცხლი წაეკიდა... აფეთქებები სკოლის შენობაში 18:20 საათზეც ისმოდა...
სკოლის შტურმმა ბევრის სიცოცხლე წაიღო... ტერორისტების ქმედებებმა, რამდენიმე ბოევიკის ხელში ჩაგდების ცდუნებამ და ძალიან ცუდად ორგანიზებულმა "სამაშველო ოპერაციამ" ოფიციალური მონაცემებით 334 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,... მათ შორის, ასევე ოფიციალური მონაცემებით 186 ბავშვის... 700 ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაიჭრა...
დღის ბოლოს ქალაქ ბესლანში წვიმა წამოვიდა...
"ჯი-ეიჩ-ენი", ეკა მომცელიძე