ბათუმის ბულვარში ბიზნეს მარათონიმიმდინარეობს, რომელშიც 50-მდე ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას.
გუნდებად დაყოფილმა ახალგაზრდა მეწარმეებმა ერთ დღეში, სხვადასხვა კრეატიული ბიზნეს აქტივობის საშუალებით 20 ლარიანი ბიუჯეტით 200 ლარი და მეტი უნდა გამოიმუშაონ. მათ შეუძლიათ განახორციელონ სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საქმიანობა, მათ შორის ინვენტარის გაქირავება, არამატერიალური სერვისების შეთავაზება, ხელნაკეთი ნივთის გაყიდვა, გამაგრილებელი სასმელების, ნამცხვრების და სხვა პროდუქციის გაყიდვა და ა.შ
აღნიშნული ღონისძიება ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას გადადგან პირველი ნაბიჯი ბიზნესში, გამოსცადონ თავისი ბიზნეს იდეა, დაეუფლონ მეწარმეულ სულისკვეთებას და გუნდურ მუშაობას, აღმოჩნდენ რეალურ კონკურენტულ ბიზნეს გარემოში.
დღის ბოლოს გამოვლენილი იქნება გამარჯვებული გუნდი, რომელიც საკუთარი ბიზნეს საქმიანობით 20 ლარიდან მაქსიმალურ თანხას გამოიმუშავებს. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი ახორციელებს. ღონისძიებას ასევე მხარს უჭერს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, საქართველოს უნივერსიტეტი და "ჯეოსელი".