გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის სატყეო უბანში უკანონოდ მოჭრილი 12 ძირი წაბლისა და 5 ძირი რცხილის ჯიშის ხე-ტყე აღმოაჩინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მასალები გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოებს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ იქნა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 200-ზე მეტი ფაქტი.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მიმდინარე წლის მაისიდან ამოქმედდა. მის მიერ გამოვლენილ იქნა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 874 ფაქტი, რომელთაგან 25 შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.