ახალციხეში მიმდინარე საპროტესტო აქციის მოანწილეები იმედს გამოთქვამენ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მათ მოთხოვნებს გაიზიარებს და სოფელ ჭელაში მინარეთის დაბრუნების
შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ახალციხე - ჭელას დამაკავშირებელ მაგისტრალზე ამ წუთებში მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, საპატრიარქოში ილია მეორისა და მუფტების შეხვედრა მიმდინარეობს.
სოფელ ჭელაში მინარეთის აღმართვის საწინააღმდეგო აქციას ადგილობრივ მართლმადიდებელ მრევლთან ერთად სასულიერო პირებიც ესწრებიან და მომიტინგეთა მოთხოვნებს სრულად იზიარებენ. სასულიერო პირებს შორის სოფელ ივლიტის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანეცაა
„საქართველოში ყველა რელიგიური უმცირესობის ინტერესები უფრო მეტადაა დაცული, ვიდრე მართლმადიდებლების. თუ ხელისუფლება არ შეცვლის მინარეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, მთელი მესხეთ-ჯავახეთი ფეხზე დადგება, გადაიკეტება ახალციხე-ადიგენის საავტომობილო მაგისტრალი და მინარეთს ჭელას მიმართულებით არ გაატარებენ," - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ამავდროულად, საპროტესტო აქციას ქართველი მუსლიმებიც მართავენ. ბათუმის ცენტრალურ მეჩეთთან შეკრებილი მუსლიმები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა გუშინდელი დაპირების შესრულებას მოელიან და მანამდე ჭელაში დაბრუნებას არ აპირებენ.
ცნობისთვის, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის დემონტაჟი 26 აგვისტოს მოხდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მინარეთის რკინის კონსტრუქციის იმპორტირებისას საბაჟო პროცედურების დარღვევით ახსნა. მინარეთის დემონტაჟს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა და აჭარის მეჩეთთან სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულმა ათასობით მუსლიმმა საპროტესტო აქცია გამართა. საბოლოოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის შუამდგომლობით, ჭელაში მინარეთის დაბრუნება დღეს საღამოს 19:00 საათისთვის გადაწყდა. ამ წუთებში ადგილობრივ მართლმადიდებელ მოსახლეობას ახალციხიდან ჭელასკენ მიმავალი ცენტრალური მაგისტრალი აქვს გადაკეტილი. მათი თქმით, ისინი მინარეთის აღდგენას არ დაუშვებენ. აღნიშნულ საპროტესტო აქციაში სასულიერო პირებიც მონაწილეობენ და მომიტინგეთა მოთხოვნებს სრულად იზიარებენ.