სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ახალციხეში მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განუცხადა, პოლიციასთან შეკრებილი მრევლი ამ წუთებში ცენტრალური მაგისტრალის მიმართულებით დაიძრა და გზის გადაკეტვა იგეგმება.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, მართლმადიდებელი მრევლის საპროტესტო მსვლელობაში რამდენიმე სასულიერო პირიც მონაწილეობს, მათ შორის სოფელ ივლიტის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე.
პროტესტანტების თქმით, ისინი სოფელ ჭელაში მინარეთის აღმართვას არ დაუშვებენ, რადგან მოლას ლოცვის ხმა გარშემომყოფთ დისკომფორტს უქმნის.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ვითარების განმუხტვის მიზნით, ახალციხის პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილ მომიტინგეებს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი შეხვდა, თუმცა ადგილზე მდგომარეობა დაიძაბა და ჩილინგარაშვილსა და იქ მყოფ რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა.
ცნობისთვის, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის დემონტაჟი 26 აგვისტოს მოხდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მინარეთის რკინის კონსტრუქციის იმპორტირებისას საბაჟო პროცედურების დარღვევით ახსნა. მინარეთის დემონტაჟს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა და აჭარის მეჩეთთან სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულმა ათასობით მუსლიმმა საპროტესტო აქცია გამართა. საბოლოოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის შუამდგომლობით, ჭელაში მინარეთის დაბრუნება დღეს საღამოს 19:00 საათისთვის გადაწყდა.