ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში 26 აგვისტოს მოხსნილ მინარეთს ადგილზე დღეს საღამოს 19:00 საათამდე დააბრუნებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის მეჩეთთან შეკრებილ ქართველ მუსლიმებს აჭარის ავტონო მიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გააცნო და განმარტა, რომ ჭელაში დაბრუნებული მინარეთის დამონტაჟება ტექნიკური და იურიდიული პროცედურების მოგვარების შემდეგ მოხდება.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს საფინანსო განყოფილების წარმომადგენლის ნოდარ პაქსაძის განცხადებით, ჭელაში მინარეთის არგენის მოთხოვნით და მისი დემონტაჟის გასაპროტესტებლად ბათუმის მეჩეთთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები მუსლიმი საზოგადოების ათასობით წარმომადგენელმა მოიყარა თავი.
"მათი ერთობლივი მოთხოვნა იყო ადგიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით გადაწყვეტილების კანონიერების გარკვევა. შეწუხდა ხელისუფლება და შეხვდა მოსახლეობას. აჭარი მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე შეხვდა შესაბამის ორგანოებს და ცენტრალურ მთავრობასთან შეთანხმებით, ერთობლივი გადაწყვეტილებით, სხვადასხვა უწყებებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ დღეს საღამოს, 29 აგვისტოს 19:00 საათამდე უნდა დაბრუნდეს მინარეთი. შემოსავლების სამსახურთან არსებული გაურკვევლობა გადაწყდება და შემდგე მინარეთი აღდგება,"- განაცხადა ნოდარ პაქსაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის დემონტაჟი 26 აგვისტოს განახორციელა და ფაქტი აღნიშნული კონსტრუქციის იმპორტირებისას საბაჟო პროცედურების დარღვევით ახსნა.