ლენტეხის რაიონის გამგეობასთან შეკრებილი მოსახლეობა გამგებლის იმპიჩმენტის წესით გადაყენებას აპროტესტებს.
საგაფიცვო კომიტეტის წევრის რევაზ ლიპარტელიანის განცხადებით, აქციის ორგანიზატორებმა თავიანთი პრეტენზიები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს უკვე გააცნეს, თუმცა აღნიშნულს რეაგირება ჯერ-ჯერობით არ მოჰყოლია.
"საკრებულო ვალდებული იყო ბიუროს გადაწყვეტილება 2 - 3 დღით ადრე მაინც ეცნობებინა რაიონის გამგებლისათვის. ჩვენი ძალისხმევით, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე დღის განაწესი მოვითხოვეთ, რომელშიც ბატონი გამგებლის იმპიჩმენტის საკითხი არ იყო აღნიშნული,"- განაცხადა რევაზ ლიპარტელიანმა.
ლენტეხის რაიონის ყოფილი გამგებლის ზაზა ლიპარტელიანის განცხადებით, მან დღის წესრიგში მისი იმპიჩმენტის დაყენების საკითხის შესახებ ინფორმაცია სხდომის დაწყებამდე 2 საათით ადრე მიიღო და მისი იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრაზე გატანა კანონდარღვევით მოხდა.
"სხდომის დაწყებამდე 2 საათით ადრე მეუბნებიან, რომ დღის წესრიგში დგება ჩემი გადაყენების საკითხი, რადგან სათანადოდ ვერ ვართმევ თავს დაკისრებულ მოვალეობას. როცა ზუსტად იგივე საკრებულოს სხდომაზე ერთი თვის წინ გამგეობის და პირადად ჩემი მუშაობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა. ეს ცოტა გაუგებარი სიტუაცია იყო, რადგანაც საკრებულოს წევრები ამ დროისთვის არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ,"- განაცხადა ზაზა ლიპარტელიანმა.
ლენტეხის რაიონის გამგეობასთან სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია. აქციის მონაწილეებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზის კარი გადაკეტეს და დეპუტატებს დარბაზში შევლის საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე ვითარებას სამართალდამცველები აკონტროლებენ.