ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საინიციატივო ჯგუფისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაზე უარის თქმის გამო, აღნიშნული რეფერენდუმის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფი საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტმპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, "ცესკო-ს უარი დაუსაბუთებელი და აბსურდული იყო".
"უარი აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელს შევიტანთ არა იმიტომ, რომ იმედი გვაქვს სასამართლო იმდენად დამოუკიდებელია, რომ ჩვენს სასარგებლო განაჩენს გამოიტანს, არამედ გვსურს ამ გადაწყვეტილების გაპროტესტება. ჯერ-ჯეროით მხოლოდ სიტყვიერად გაგვაცნეს აღნიშნული გადაწყვეტილება. სავარაუდოდ, დღეს ჩაგვბარდება ოფიციალური დოკუმენტი, სადაც გადაწყვეტილების მიზეზები და ჩვენ მოთხოვნაზე უარის თქმა შესაბამისად დასაბუთებული უნდა იყო. ამ ყველაფერს გავეცნობით და შევადგენთ სარჩელს, რომელსაც სავარაუდოდ ხვალ შევიტანთ სასამართლოში,"- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნანა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე სარეფერენდუმო საკითხი არ დაარეგისტრირა. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისი კომისის გადაწყვეტილებით საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას (ნანა კაკაბაძე, ტატიანა ხოხიაშვილი, ავთანდილ რეხვიაშვილი, გელა ნიკოლაიშვილი და გია ტაბლიაშვილი) და მათ მიერ შემოთავაზებულ სარეფერენდუმო საკითხს: „გსურთ თუ არა, რომ საქართველოში 2014 წელს ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?" დიახ, არა" რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.