ამ პროცესს არავითარი კავშირი არ აქვს იმ ფართომასშტაბიან ამნისტიასთან, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ჩაატარა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპონენტების საპასუხოდ, რომელთაც პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყა;ების აქტი გააპროტესტეს.
"მე მაშინაც და ახლაც, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ასეთი ამნისტიის. ძალიან მძიმე დამნაშევე გამოვიდა გარეთ. ამავე დროს მე მიმაჩნდა, რომ ციხეში გვყავდა უფრო მეტი პატიმარი, ვიდრე უნდა გვყოლოდა. ამიტომაც ჩვენ წინა მთავრობის პირობებში ვახორციელებდით ღონისძიებებს რომ დაგვეწყო ციხეების დაცლა. შეგვეცვალა ალტერნატიული სასჯელებით, პრობაცია გაგვეფართოებინა. მაგრამ ეს არის ერთი საკითხი, რომ ციხეების დაცლა ნაწილობრივ ზოგადად საჭირო იყო, მაგრამ მეორე მხრივ, ის დაცლა, რომელიც ახალმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა პირადად და არა რომელიმე პარლამენტარმა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება იყო ეს, რომ გამოეშვათ ამ მასშტაბის ხალხი გარეთ, ამან ძალიან მძიმე შედეგების მოტანა დაიწყო და ვშიშობ, რომ ეს შედეგები ჯერ არ დასრულებულა. ის რასაც მე ვაკეთებ ეს ემსახურება სწორედ იმას, რომ ზარალი, რომელიც მოიტანა ამნისტიამ ეს ზარალი შევამციროთ. საქმე ეხება ამ გამოშვებული ადამიანების დიდი ნაწილის რესოციალიზაციას და დანაშაულის რაღაც სახის თავიდან აცილებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო პოზიტიურ ჩართვას. დღეს ნასამართლეობა ითვალისწინებს მთელ რიგ ცვლილებებს საჯარო სამსახურში დასაქმების, კერძო სექტორში დასაქმების. ერთი სიტყვით იმ პირობებში როდესაც ეკონომიკა ისედაც ძალიან რთულ ვითარებაშია, უმუშევრობა მკვეთრად იზრდება, გარეთ გამოვუშვით ხალხი, რომელსაც ერთადერთი გზა დაუტოვეს მხოლოდ, რომ ჩაიდინონ ხელახლა დანაშაული და დაბრუნდნენ უკან ციხეში. ამიტომ ის რასაც მე ვაკეთებ, არის რესოზიალიზაცია ამ ხალხის, ეს არის ამ ხალხისთვის შანსის მიცემა, რომ აღარ დაუბრუნდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების აქტი, რომელიც მიხედვით, მიმართვის შემთხვევაში, პირს ნასამართლობა და პირობითი მსჯავრი მოეხსნება.