უკრაინის ძალები პოკროვსკთან ალყაში მოქცევისა და წლის დასაწყისიდან ყველაზე დიდი მარცხის საფრთხის ქვეშ არიან, რადგან რუსეთმა ქალაქის სრულად დასაკავებლად, მთელი თავისი ძალები გადაისროლა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა Bild-ს პოკროვსკთან და მირნოგრადთან არსებული კრიტიკული სიტუაციის შესახებ უამბეს, სადაც სასტიკი ბრძოლები გრძელდება.
გამოცემის წყაროების ცნობით, რუსეთის ჯარებმა ქალაქ პოკროვსკის საზღვრები გაარღვიეს და უკრაინული დანაყოფების სრულ ალყაში მოქცევას ცდილობენ. Bild-ის ცნობით, მდგომარეობა მძიმეა
„პუტინი ახლა მთელ თავის ძალებს ამ რეგიონში აგზავნის. სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. ჩვენ ქალაქის 80 პროცენტი დავკარგეთ, ჩვენ კვლავ ვიბრძვით დარჩენილი 20 პროცენტისთვის და იქაც ვმარცხდებით. მირნოგრადსა და უფრო სამხრეთით მყოფი ბიჭები კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში არიან; ისინი ფაქტობრივად ალყაში არიან მოქცეული,“ - უთხრა გამოცემას უკრაინის შეირაღებული ძალების მაღალი რანგის სამხედრო პირმა.
მის სიტყვებს ადასტურებს კიდევ ერთი ჯარისკაცი, რომელიც მირნოგრადის დაცვაში მონაწილეობს.
„უკან დახევის ბრძანება რომ არ მიგვეღო, ალბათ ვერ გადავრჩებოდით. დიდი ალბათობით, როდინსკამდე ცოცხალი ვერცერთი ჩვენგანი ვერ მიაღწევს. უმჯობესია პოზიციებზე დავრჩეთ და დაველოდოთ, ვიდრე არ გავთავისუფლდებით, ან ტყვედ არ აგვიყვანენ“, - აღნიშნა მან.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პოკროვსკსა და კუპიანსკში მყოფი უკრაინული ჯარები ალყაში არიან მოქცეულნი და გადარჩენის შანსი, ნებაყოფლობითი დანებების გარდა, არ აქვთ.
„დღეს კუპიანსკისა და კრასნოარმეისკის ბლოკურებულ უბნებში ჩარჩენილი უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფების მდგომარეობა, რომლებიც მუდმივად განიცდიან მნიშვნელოვან დანაკარგებს თავდასხმებისა და რუსული ჯარების წინსვლის შედეგად, სწრაფად უარესდება. ამის გამო უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს გადარჩენის შანსი ნებაყოფლობითი ჩაბარების გარდა არ აქვთ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.